ნატალია ჯვარიძე
20.05.2026

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს,- ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა. დრონის საფრთხის ფონზე ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

მოგვიანებით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გაუქმდა, ხოლო დრონის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ასევე, საჰაერო განგაშის დროს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის წევრები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ.

დასავლელი და ბალტიისპირეთის ანალიტიკოსების შეფასებით, ლიეტუვაში დრონის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში უფრო ფართო რეგიონული დაძაბულობის ნაწილია, ვიდრე უშუალოდ დიდი ომის დაწყების ნიშანი.

ანალიტიკოსები ძირითადად ოთხ ვერსიაზე საუბრობენ: ყველაზე გავრცელებული შეფასებაა, რომ დრონი შესაძლოა უკრაინულ-რუსული ომის ზონიდან იყოს, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. ბოლო კვირებში მსგავსი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ესტონეთში, ლატვიასა და ფინეთში.

უსაფრთხოების ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ მოსკოვი შეიძლება მიზანმიმართულად ამოწმებდეს ნატოს რეაგირების სისწრაფეს - რამდენად სწრაფად ჩაირთვება საჰაერო თავდაცვა, განგაშის სისტემა და ალიანსის ავიაცია.

ლიეტუველი პოლიტიკოსები და სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ „ჰიბრიდულ პროვოკაციებზეც" - ანუ ისეთ ინციდენტებზე, რომლებიც მოსახლეობაში შიშისა და პოლიტიკური წნეხის შექმნას ემსახურება, პირდაპირი სამხედრო შეტევის გარეშე.

ზოგი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბალტიის ქვეყნების ანტიდრონული სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის. თავად ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა „სათანადოდ არ მუშაობს" და გაძლიერება სჭირდება. ამავე დროს, ნატო-სა და დასავლელ ანალიტიკოსებში დომინირებს აზრი, რომ რუსეთს ახლა ნატო-სთან პირდაპირი ფართომასშტაბიანი ომი არ აწყობს. მათი შეფასებით, უფრო რეალურია მცირე საჰაერო ინციდენტები, დრონების გადახრა, ჰიბრიდული ომი და საზღვრისპირა პროვოკაციები, რომლებიც რეგიონში ნერვიულობას ზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×