
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფონზე დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება - ეს იმ გზავნილების ნაწილია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდა ოჯახების, ეკომიგრანტებისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას.
მიზნობრივი პროგრამებისა და ინოვაციური ფინანსური მექანიზმებით, სახელმწიფო ცდილობს გააუმჯობესოს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და საქართველოს ყველა რეგიონში განვითარების თანაბარი შესაძლებლობები შექმნას.
პრემიერ-მინისტრმა მთავარი ტრიბუნიდან თქვა ისიც, რომ სახელმწიფო განაგრძობს ახალი დასახლებების განვითარებას და დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას.
ფორუმი, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს, გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება. სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს და ურბანული სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ურბანული და საბინაო პოლიტიკის მიმართულებაზე საუბრობენ ქართული დელეგაციის წევრები, რომლებიც ბაქოში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ. მინისტრები აქცენტს რეგიონებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე, სოციალური განვითარების გაძლიერებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე აკეთებენ.
მსოფლიო ურბანულ სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები არიან.