ნატალია ჯვარიძე
17.05.2026

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე მართმადიდებელმა მრევლმა მასშტაბური მსვლელობით აღნიშნა. ახალმა კათალიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ პირველი ოფიციალური ქადაგება ჩაატარა. მსვლელობაში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც მედიასთან განცხადებები გააკეთა და პოლიტიკაში მისი შესაძლო მოსვლა უარყო.

თბილისში სამღვდელოება და მრევლი დილის 10 საათზე ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბა. 11 საათზე ისინი საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართნენ სამების სახელობის ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

წირვას უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრნენ. გარდა ამისა, სამების ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.

  • ცოტნე ივანიშვილი: „კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია".

მანამდე, მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით: „ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები - ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!"

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში", - მიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა სასულიერო პირებს, რომლებიც მსვლელობას მოუძღვებოდნენ წინ.

სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და მსვლელობა გააგრძელეს.

  • პატრიარქი შიო ილია II-ზე: „წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე... გაგრძელდება მისივე დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა".

მსვლელობაში მონაწილეობდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

„რამდენჯერმე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას, გარკვეული ქმედებებიც განახორციელეს. იმის გარდა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ვწუხვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.

„სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტა არასერიოზული. კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ქადაგება

სამების ტაძარში ახლადარჩეულმა კათალიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქადაგებისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

„სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ერი და ეკლესია აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა ამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თაისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.

„ასევე გაგრძელდება მისივე დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა", - აღნიშნა პატრიარქმა.

მან უცხოეთიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებსაც მიმართა:

„ძვირფასო სტუმრებო, თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებული უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.

„დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

სამების ტაძარში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის".

„წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ მან ამ დღის მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა.

„დღეს ის დღეა, რომლის ყურადღება ბევრმა საზოგადოებამ მიიპყრო. მათ შორის, გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა. როდესაც ფასეულობებს, ტრადიციებს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფუძვლებს ექცევა ყურადღება, იმიტომ, რომ ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება, იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის და ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×