
რუსეთმა უკრაინის მეზობელ მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც პრეზიდენტ პუტინს ოფიციალურად შეუძლია შეიარაღებული ძალების გაგზავნა თავისი მოქალაქეების დასაცავად ამა თუ იმ ქვეყანაში.
მსგავსი სცენარი რუსეთს უკვე გამოყენებული აქვს საქართველოს წინააღმდეგ. 2008 წლის ომის წინა პერიოდში კრემლმა ასევე გამარტივებული წესით დაიწყო რუსეთის მოქალაქეობის დარიგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. შემდეგ კი, 2008 წელს, საქართველოში ინტერვენციის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ რუსეთის მოქალაქეების დაცვა დაასახელა.
- მაია სანდუ: „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობამ მოლდოვას მოქალაქეობა მიიღო, რადგან თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობით და არა რუსეთის მოქალაქეობით".
მოლდოვაში მიიჩნევენ, რომ პუტინის ახალი განკარგულებით კრემლი ცდილობს ხელი შეუშალოს დნესტრისპირეთის მცხოვრებთა რეინტეგრაციას, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით მიმდინარეობს. უკრაინაში კი ფიქრობენ, რომ მოსკოვი თავის სამობილიზაციო პოტენციალს ზრდის და „ახალ ჯარისკაცებს" ეძებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვი ომის საზაფხულო კამპანიის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება, რისთვისაც, შესაძლოა, დნეტრისპირეთის ტერიტორიის გამოყენება სცადოს.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „ეს ასევე რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავისი ტერიტორიის მონიშვნაა."
დნესტრისპირეთი უშალოდ ესაზღვრება უკრაინის ოდესის ოლქს. ომის პირველ წლებში რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები არც მალავდნენ, რომ რუსეთის ერთ-ერთი მიზანი იყო უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვიდან, ხერსონისა და ოდესის ოლქების დაკავება და დნესტრისპირეთამდე გასვლა, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს შეიარაღების მნიშნელოვანი მარაგითა და ცოცხალი ძალით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ბელარუსის ჩართვას ცდილობს.
როგორც „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, შესაძლოა რუსული სარდლობა საზაფხულო კამპანიის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ ორი მხრიდან - დნესტრისპირეთიდან და ბელარუსიდან ახალი ფრონტის გახსნას ცდილობდეს.
კრემლის გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები
15 მაისს პუტინმა „დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ" ბრძანებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ „18 წელს მიღწეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დღისთვის დნესტრისპირეთში მუდმივად ცხოვრობენ".
პროცედურის გამარტივება კი იმაში მდგომარეობს, რომ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს არ მოუწევთ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დაწესებული 3 მთავარი პირობის შესრულება: რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 13 მაისს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს.
მანამდე მოქმედი კანონით, პრეზიდენტ პუტინს ოფიციალურად ისედაც შეეძლო უცხო ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაგზავნა რუსეთის მოქალაქეების დასაცავად უცხოური და საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან მათი დევნის შემთხვევაში.
ახალი კანონით კი, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებსაც შეეძლებათ ზომების მიღება რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუ ისინი უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ დააკავეს ან სისხლისსამართლებრივ თუ სხვა სახის დევნას დაექვემდებარნენ.
დნესტრისპირეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მისი შეფასებით, კრემლს, ამ გზით, ერთის მხრივ, სურს თავისი სამობილიზაციო პოტენციალის გაზრდა და მეორეს მხრივ, მოლდოვას დაშანტაჟება და დნესტრისპირეთის შესაძლო რეინტეგრაციისათვის ხელის შეშლა.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობამ მოლდოვას მოქალაქეობა მიიღო, რადგან თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობით და არა რუსეთის მოქალაქეობით", - აღნიშნა სანდუმ.
- ვახტანგ მაისაია: „(რუსეთს) ორი მხრიდან - ბელარუსიდან და მოლდოვის დნესტრიპირეთის რეგიონებიდან დარტმით, შეუძლია გარკვეულწილად თავისი საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა."
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით კი, რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივება ნიშნავს, რომ მოსკოვი ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა.
,,გუშინ რუსეთის ახალი ნაბიჯი იყო დნესტრისპირეთის მიმართ: რუსებმა გაამარტივეს მოლდოვის ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღება. სპეციფიური ნაბიჯია და არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამდაგვარ თავისთვის ახალ ჯარისკაცებს ეძებს, ვინაიდან მოქალაქეობა სამხედრო მოვალეობას ნიშნავს. ეს ასევე რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავისი ტერიტორიის მონიშვნაა.
„ისინი მოსკოვში ხშირად ეუბნებიან სხვადასხვა თანამოსაუბრეს, რომ მათ თითქოსდა მხოლოდ დონბასი აინტერესებთ. რეალურად კი გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ დონბასი.
„ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. მით უმეტეს, რომ დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების განლაგება ჩვენთვისაც გამოწვევაა. ჩვენს ინტერესებშია სტაბილური, ძლიერი მოლდოვა... რუსეთმა მეტი უნდა იფიქროს თავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის გადაზიდვაზე, და არა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზე და სხვა ერების მიწაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
ახალი ფრონტი უკრაინის წინააღმდეგ?
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ რუსეთი ემზადება მასშტაბურ თავდასხმისთვის უკრაინის წინააღმდეგ, რაშიც მოლდოვის დნესტრიპირეთის რეგიონს გამოიყენებს.
„რუსეთი ზაფხულისთვის მასშტაბური შეტევითი ოპერაციისთვის ემზადება. როგორც ჩანს, პუტინის რეჟიმისთვის ეს ბოლო შანსია, რომ უკრაინის იმ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, რომელიც მას კონსტიტუციის ფარგლებში ჰყავს შეყვანილი. საუბარია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ, აპირებს ამ მიმართულების გრავიტაციის ცენტრად გამოყენებას საზაფხულო მასირებული ოპერაციის კამპანიისთვის.
„ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო დაზვრევის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბელარუსი იყოს მეორე მნიშვნელოვანი ცენტრი უკრაინაზე თავდასხმისთვის. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ორი მხრიდან - ბელარუსიდან და მოლდოვის დნესტრიპირეთის რეგიონებიდან დარტმით, შეუძლია გარკვეულწილად თავისი საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გაზრდა.
„დნესტრისპირეთზე რუსეთს შეუძლია საჰაერო მობილური სტრატეგიული ოპერაცია განახორციელოს, რადგან იქ სამხედრო აეროდრომი არსებობს და საკმაოდ სერიოზული სამხედრო არსენალია. მას ერთი ან ორი დივიზიის აღჭურვა შეუძლია. შესაბამისად, მათთვის რთული არ არის სამხედროების გადასროლა და ადგილობრივების აღჭურვაც, რომ შემდეგ თავდასხმები განახორციელონ.
„ასევე, გამორიცხული არ არის რუსეთმა მოლდოვაზე სამხედრო მუქარის პირობების შექმნა გამოიყენოს. ახლა ყველა ევროპულ ომზე საუბრობს, მათ შორის პუტინი. ასე რომ, შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები განვითარდეს. ყოველ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის უკრაინასა და მოლდოვას წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო პოტენციალი გამოიყენოს ადგილობრივი დნესტრიპირეთის სეპარატისტების საშუალებით. მოსკოვს შეუძლია იქიდან დაახლოებით 50-70 ათასი ადამიანის მობილიზაცია მოახდინოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".