
მთავრობის დაპირების მიუხედავად, ფასებთან გამკლავება რეალურად ჭირს. სავაჭრო ქსელების დაანონსებული "საოჯახო კალათა" ამ მხრივ შედეგს ვერ გამოიღებს, სანამ ფასების კლების პროცესი საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება. სპეციალისტების ვარაუდით, ,,საოჯახო კალათაში" ისეთი პროდუქტები შევა, რომელზეც ისედაც ცხადდება ფასდაკლება და ამ ინიციატივით პრობლემა ვერ გადაწყდება. თანაც საუბარია დაახლოებით 12 დასახელების პროდუქტზე, დანარჩენზე საუბარი არც კი მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ სავაჭრო ქსელებმა გააკეთეს განცხადება და განისაზღვრა ,,საოჯახო კალათა", რომლის ფარგლებშიც იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყება, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავება ბიზნესმა ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ,,ხალხის ძალის" წევრის, თამარ ჩიბურდანიძის შეფასებით, ამით მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება და შეღავათს ვერავინ იგრძნობს, სანამ ხალხისთვის მისაღები ფასების პოლიტიკა არ შემუშავდება.
,,ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერესებული. მოვიკვლიე რამდენიმე ქვეყანაში გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენა საბაზრო ფასებზე. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ ეს პროცესი გაიარა. იქაც ასე მოხდა, ბიზნესის ნაწილი შეუერთდა მთავრობის ინიციატივას, ნაწილიც განაწყენდა და განზე დარჩა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. ალბათ, ასე მოხდება საქართველოშიც.
ყველამ ვნახეთ, როგორც კი ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ბიზნესმა ხელოვნურად გააძვირა პროდუქცია, რაც ერთგვარი საბოტაჟია მათი მხრიდან, ფასები გაზარდეს, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ ჰქონდათ, ირანში კონფლიქტი დაწყებული არ იყო და არც საწვავი ღირდა ძვირი. ალბათ, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხი ისევ მთავრობაზე განაწყენდეს. საქმე ისაა, რომ ფასების ზრდას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, ორჯერ და მეტადაც გაძვირდა პროდუქცია.
ხელისუფლებას რაღაც ბერკეტი შემუშავებული აქვს და მათ უკეთ იციან, როგორ მიუდგნენ ბიზნესს, მაგრამ, ფაქტია, ჯერჯერობით შეღავათს მომხმარებელი ვერ გრძნობს. პირიქით, კიდევ უფრო დაუმძიმდა ტვირთი და გაზრდილ ფასებთან უწევს გამკლავება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჩიბურდანიძემ.
მისი აზრით, მთავრობას მომავალშიც მოუწევს გარკვეული ზომების მიღება და ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რაც სამომხმარებლო ფასებზე დადებითად აისახება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი პარტიის იმიჯი დაზარალდება, რასაც სავარაუდოდ, არ დაუშვებენ.
,,არ მგონია, უკვალოდ ჩაიაროს ხელისუფლების მცდელობამ. თუ ასე მოხდება, ეს დიდ მარცხად ჩაეთვლებათ და უკმაყოფილება მოიმატებს. გამოდის, რომ მმართველი პარტია ქმნის პოლიტიკას, მაგრამ ბიზნესს ვერ ერევა.
ის, რომ ,,საოჯახო კალათაზე" რამდენიმე სავაჭრო ქსელმა გააკეთა განცხადება, სიტუაციას ვერ შეცვლის, სანამ მასობრივად არ დაიწყებენ ფასების კორექტირებას. ეს არ ეხება მხოლოდ სურსათს, მედიკამენტების ბაზარზეც კატასტროფული ვითარებაა. თუკი თურქული წამლები გაიაფდა, სამაგიეროდ სხვა წარმოების მედიკამენტები გააძვირეს, ხალხი დაავადებულია და ვერ მკურნალობს სწორედ იმის გამო, რომ ხარისხიანი წამლები ხელმისაწვდომი არ არის, აქაც სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.
რთულია თქმა, როგორ მოერევიან პრობლემას, თუმცა მინდა მჯეროდეს, "ოქროს შუალედი" მოიძებნება ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და ხალხმაც იგრძნოს შეღავათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ახლა მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯს გადადგამენ, ბიზნესის მხრიდან რეალურად არაფერი კეთდება, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ არის მხოლოდ კვერცხი და პური. არაფერი შეიცვლება, თუკი მასობრივად არ დაიწყება ფასების შემცირება.
საბოლოოდ ისეთი პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ხალხისთვის იქნება სასარგებლო. მიჭირს ვარაუდი, ეს რამდენად იქნება შესაძლებელი, ალბათ, დრო დასჭირდება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" თამარ ჩიბურდანიძემ.
არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ეკონომისტი გივი მომცელიძე ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიზნესთან წააგო და მოტყუებული დარჩა. საბოლოოდ ,,საოჯახო კალათის" იმედად დარჩნენ, რაც მხოლოდ ფუჭი სურვილია და რეალურ სურათს ვერ შეცვლის.
,,რა ნაბიჯების ფასებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გადაიდგა, ბლეფია. ადრეც ასე მიმაჩნდა და არც ახლა იცვლება რამე. ყველაზე ძვირი ქვეყანა ვართ, საქართველო იმპორტდამოკიდებულია და მხოლოდ სურვილი არაფერს შეცვლის. ,,საოჯახო კალათის" გარშემო ვინც გაერთიანდა, მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობისთვის ეამებინათ. შეიძლება პირველადი მოხმარების საქონელზე დასწიონ ფასი, მაგრამ სხვა დანარჩენ პროდუქტს გააძვირებენ.
მოგების ხარჯზე რომ შეემცირებინათ ფასები, აქამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაა და პროდუქციის თვითღირებულება გაძვირდა. ელექტროენერგია, საწვავის და სხვა ხარჯი გაიზარდა, ყველაზე მაღალი ინფლაცია აპრილში გვქონდა. ის, რომ მომხმარებელს სურსათი გაუიაფდება, ადამაინების მოტყუებაა. ეს რადიკალური შეფასებაა, მაგრამ ფაქტია ასეთია. თუკი სადმე რაიმე შეიცვლება გაიაფების მიმართულებით, ფორმალური იქნება", - აღნიშნა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ქსელური სუპერმარკეტებმა ერთმანეთის მიყოლებით დაანონსეს ძირითადი პროდუქტების გაიაფება და დადეს პირობა, რომ რამდენიმე დღეში დახლებზე ფასი დაიკლებს. რითეილ ასოციაციის გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა ფრანგული და ბერძნული მოდელის გამოცდილებასა და ეფექტიანობას, რომელიც არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ეფუძნება კონკურენციას.