ნატალია ჯვარიძე
11.05.2026

27- 28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებისა და მოთხოვნების საკითხებს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთს, ჯერ ჩვენ ერთმანეთში უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, „გიმნიხის" ფორმატში შეხვედრა ახლოვდება, სადაც ჩვენ მიერ წამოყენებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდეს.

„ევროპული უსაფრთხოების საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი თავის მეზობლებს მუდმივად თავს ესხმის და ასევე იმაში, თუ როგორ შეგვიძლია ამის პრევენცია.

ამისთვის რუსეთის მხრიდან დათმობები გვჭირდება. გასულ კვირას მოლდოვაში ვიყავი და იქ რუსული ჯარები იმყოფებიან. მაგალითისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი პირობა შეიძლება ესეც იყოს, რომ მათ თავიანთი ჯარები გაიყვანონ",- აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისი „სასურველი" კანდიდატი იქნებოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნას მხარს არ უჭერს.

„არა. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მსგავს კანდიდატურას ცალსახად მხარს არ ვუჭერთ", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ. მისი თქმით, „ბევრი სხვა ღირსეული ლიდერია", რომელმაც შეიძლება რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ევროკავშირი წარმოადგინოს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ, დიალოგი კარგი ფაქტია.

„ყოველ შემთხვევაში, კარგ ომს ცუდი მოლაპარაკებები მაინც ჯობია. ასე თუ ისე, დიალოგი დაიწყება და ალბათ, მხარეები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გართულდა ურთიერთობა ევროკავშირთან.

განსაკუთრებით საუბარია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, რაც რუსეთის მხრიდან დიდ გაღიზიანებას იწვევს. ეს გამოჩნდა პუტინის სომხეთის მიმართ მუქარისნარევ განცხადებაში. ამ ეტაპზე მათი მოლაპარაკება რაღაც შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დიალოგი ურიგო არ უნდა იყოს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×