
28 წლის ბექა პატარავა, რომელიც გუშინ ოზურგეთში, რესტორან „ფიროსმანში“ დაჭრეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების თქმით, დაჭრილს მუცლის ღრუში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მომხდარს, როგორც „ტვ პირველს“ უყვებიან, რესტორნის მფლობელი გიორგი გობრონიძე, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ ბექა პატარავას მხოლოდ იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში გაშველება სცადა.
წყაროს თქმით, 23 წლის გობრონიძეს, რომელიც წარსულში ორჯერ - ყაჩაღობისა და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, თან ახლდა ერთი პირი, რომელიც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა, ის ახლა მიმალვაშია.
„ტვ პირველს“ დაჭრილის ოჯახის წევრები უყვებიან, რომ როცა ბექა პატარავა რესტორნიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა, მას გიორგი გობრონიძე დაეწია და ჭრილობა სამზარეულო დანით მიაყენა. ამის შემდეგ კი პატარავას ასევე სამზარეულო დანით ჭრილობა მიაყენა გობრონიძის თანმხლებმა პირმაც. ოჯახის წევრების თქმით, პატარავას ამ დროს თან ახლა მისი მეუღლე, ხელში კი 8 თვის ბავშვი ეჭირა.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი გობრონიძე გუშინ დააკავა.
დღეს „ტვ პირველი“ გობრონიძის დედას ესაუბრა. ქალი ირწმუნება, რომ რესტორნაში მომხდარი გარჩევის შემდეგ მივიდა.
„საერთოდ არ ვყოფილვარ აქ, დამირეკეს ჩხუბი იყოო და მოვედი, მეტი არაფერი არ ვიცი. ხო, ალბათ, (მეორეც იყო) ჩემი შვილი შეწყალებით არ გამოსულა, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. 2 წელი იჯდა“, - ამბობს დაკავებულის დედა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.