სებ-ის ბოლო სამი გადაწყვეტილება სწორედ ამის დამადასტურებელია
თამარ ვეფხვაძე
07.05.2026

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური პროცესის მართვასა და ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხსნიან ეკონომისტები და დარგის სპეციალისტები სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც სებ-მა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა. გარდა ამისა, მათ, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სებ-მა 1 000 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა. 

დავიწყოთ უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილებით. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მიზანშეწონილია ამ მაჩვენებლის იმ დონეზე დაბრუნება, რაც მას გაზრდამდე ჰქონდა. სებ-მა აღნიშნული ვალდებულება კომერციულ ბანკებს 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაუზარდა.

მინიმალური სარეზერვო ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ვალდებულებას კომერციული ბანკებისთვის, რომ მათ დეპოზიტარებისგან მოზიდული სახსრების ნაწილი სებ-ში სავალდებულო წესით განათავსონ. წარსულში ეს ზღვარი ერთიანი  იყო ყველა ბანკისთვის, თუმცა რამდენიმე წლის წინ, სებ-მა სარეზერვო ნორმები ბანკების მთლიან დეპოზიტებში უცხოური ვალუტის პროცენტულ წილს მიაბა. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მეტი თანხის დარეზერვება უწევთ ბანკებს. ამ ცვლილებით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დამატებით სავალუტო რესურსს უთავისუფლებს, რომელსაც ბანკები კრედიტების გასაცემად გამოიყენებენ.

რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, 1 000 000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა. 2025 წლის აგვისტოდან დღემდე, ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებებს ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებითა და ეკონომიკის დაკრედიტების პროცესის გაგრძელებით ხსნის. 

„მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში, ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინის გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. 

ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებასაც განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ლი ივლისიდან შევა“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სებ-ის ამ ნაბიჯებს ინფლაციური პროცესის მართვასა და ლარის კურსის გამყარებას უკავშირებს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი გოჩა თუთბერიძე.  „რეზონანსთან“ საუბრისას“ ეკონომისტი აცხადებს, რომ პირველი რიგის ამოცანა ინფლაციის შეჩერებაა, რადგან ის დასაშვებ ზღვარს გასცდა - 6%-ია და მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიზარდოს. 

„გარდა ამისა, სებ-ის ეს გადაწყვეტილებები დოლარიზაციას შეამცირებს, რაც ეროვნული ბანკის სანუკვარი მიზანი გახდა. მართალია, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის, მაგრამ ეროვნული ბანკს ასე მიაჩნია. სებ-ი ცდილობს, აიძულოს მომხმარებლები აიღონ სესხები ლარში და არა - უცხოურ ვალუტაში. 

ზოგადად, რა ნაბიჯებიც ეროვნულმა ბანკმა გადადგა, ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს. მარტში ეკონომიკური ზრდა 9% იყო, აპრილში - 10%, მაგრამ გარკვეულწილად, ახლა ეკონომიკური ზრდა შემცირდება, რადგან ძალიან ბევრი საწარმო არ აიღებს დამატებით სესხებს და არ გააფართოებს წარმოებას იმიტომ, რომ სესხები გაუძვირდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გოჩა თუთბერიძემ.  

იგივე პოზიციას იზიარებს ფინანსისტი ლია ელიავა, რომელიც საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, დოლარიზაციის შემცირებას უწყობს ხელს. 

"ეროვნულმა ბანკმა ნახა, რომ კომერციულ ბანკებს სჭირდებათ უცხოური ვალუტა და იმისთვის, რომ თვითონ არ დახარჯოს რეზერვები, კომერციულ ბანკებს მისცა დამატებითი სახსრები, სწორედ ამ რეზერვების შემცირების ხარჯზე, რათა მათ შეძლონ უცხოური ვალუტით ოპერირება. ეს არის კომერციული ბანკებისთვის შეღავათი, თუმცა როდესაც ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ამ სარეზერვო მოთხოვნის ზრდა, მისი მიზანი იყო ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირება. 

რაც შეეხება საკრედიტო ზღვარის გაზრდას 1 მილიონ ლარამდე, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესს გააჩნია მოთხოვნილება ფინანსურ სახსრებში და იმის გამო, რომ ეროვნულმა ბანკმა შეზღუდა მოცულობები, ბიზნესს გაუჩნდა გარკვეული პრობლემები“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ლია ელიავამ.  

მისი თქმით, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის გარკვეულ დათმობებზე წავიდა იმიტომ, რომ მათ შესძლებოდათ უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ საკუთარი ფინანსური რესურსები. იმის თქმა, რომ სებ-ის ეს ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება, არ შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მოწყვლადი ფინანსური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდება. 

„თქვენ იცით, რომ გარკვეული პოლიტიკური ძვრების შედეგად, ფინანსური პრობლემები წარმოიქმნება, განსაკუთრებით ეს ეხება ევროპას და დაკავშირებულია საწვავთან. ამიტომ, ყველა ვარაუდობს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომ შესაძლოა, ევროპაში განვითარდეს ფინანსური კრიზისი და ეს გამოიწვევს კიდეც ეკონომიკურ სტაგნაციას. შესაბამისად, ასეთ ფონზე, უფრო მეტი სახსრების გაცემა ბიზნესისთვის, მე ვთვლი, რომ დადებითი ტენდენციაა, თუმცა რამდენად წაადგება ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას, ჯერჯერობით, ნათლად არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, სებ-ის ეს ნაბიჯები უარყოფითად შევაფასო“, - განუცხადა „რეზონანსს“ელიავამ.  

ინფლაციური პროცესის მართვისა და ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც. სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პუნქტით გაზარდა. „რეზონანსთან“ საუბრისას, სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.  

„რა თქმა უნდა, გვაქვს მაღალი ინფლაცია, რაც, ძირითადად, საერთაშორისო ფაქტორებით არის გამოწვეული. მართალია, ინფლაციის ნორმალიზების პროგნოზს ითვალისწინებს საბოლოო სცენარი, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციას უკავშირდება, თუმცა იქ გაურკვევლობა დიდია. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დიდი არ არის - 0.25%-ია, თუმცა მნიშვნელოვანია მოლოდინის კუთხით. ამ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა აჩვენა, რომ ის რეაგირებს მაღალ ინფლაციაზე და თუ საჭირო გახდება, კიდევ გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ოთარ ნადარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×