თამთა ჩაჩანიძე
07.05.2026

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.

ბრალდებულის ადვოკატი ბექა გულედანი აცხადებს, რომ უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო", 7 მაისის სასამართლო პროცესი სრულიად დახურული იყო. სხდომას თავად უძილაური ესწრებოდა.

„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს სრულიად მართლმსაჯულების საქმეა და გიორგი უძილაური „ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად" არ უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, როგორც ოპოზიციონერი, „გახარია საქართველოსთვის" წევრი და „ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, „პატიმარს ისეთ გარემოში ამყოფებენ, თუ ემოციურად გატყდა, ნებისმიერი „სიმღერა" შეგიძლია ამღერო... რას იტყვის უძილაური, მნიშვნელობა არ აქვს, ის ივანიშვილის ვნებებსაა შეწირული".

ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ უძილაურის დაკავება „ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე ცუდად მოქმედებს - მათში დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. თუმცა, ნაწილის აზრით, ამ დაპატიმრებაზე იგივე რეაქციაა, როგორიც, მაგალითად, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე ჰქონდათ.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უძილაური „მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას".

შესაბამის უწყებებს არ დაუკონკრეტებიათ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი. თუმცა ითქვა, რომ საეუბარია ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაზე.

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას აცხადებენ „ოცნებაში"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უძილაურის მიმართ „მძიმე ბრალდებაა და ეს არის სრულიად სუს-ის, პროკურატურის და მართლმსაჯულების საკითხი".

„მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტული, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უძილაური ივანიშვილის მარჯვენა ხელად არ უნდა ჩავთვალოთ.

  • გია ვოლსკი: „ეს არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო, ასე ნუ დახატავთ... რა პერიოდიდან დაიწყო და რა პერიოდიდან დახამდა გამორჩენას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით".

„ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არასდროს ყოფილა. მედიასთან კი, მონაწილეობდა და გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებითაც მუშაობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო, ასე ნუ დახატავთ. რომც ყოფილიყო, ეგ არ არის აუცილებელი, რომ წლების განმავლობაში გაეკეთებინა ეს. რა პერიოდიდან დაიწყო და რა პერიოდიდან დახამდა გამორჩენას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით", - განაცხადა ვოლსკიმ.

გავლენა „ოცნების" მხარდამჭერებზე

ანალიტიკოსი გია აბაძიშე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანამ საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს, მანამდე დეტალების გარჩევა მიზანშეწონილი არაა.

„სუვერენული საქართველო იმდენად ფეხზე დადგა, რომ შეუძლია ნებისმიერი საფრთხე თავიდან აიცილოს მისი სანიმუშოდ მომუშავე სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავების საშუალებით - ეს ნამდვილად დასაფასებელია და ეს უკანასკნელ წლებში ნამდვილად გამოიკვეთა ამ უწყებების სხვადასხვა თავკაცების მხრიდან, მამუკა მდინარაძე იქნება ეს, გეკა გელაძე, თუ სხვები. იქნება ეს გადატრიალებისა და საბოტაჟის მცდელობა, თუ ჯაშუშობაში მხილებულ არაერთ პირთა გამოვლენა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ჩვენი შესაბამისი სამსახურები რა ფილიგრანულად მუშაობენ", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, მოქმედებს თუ არა ეს დაკავება „ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე, აბაშიძემ გვითხრა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერებზე ზედა რგოლის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებამ გავლენა არ იქონია და მით უმეტეს, შუა რგოლის ექს-მოხელის დაკავებაც არ იმოქმედებს.

„რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ - „ოცნების" ამომრჩევლებზე ირაკლი ღარიბაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებამ იმოქმედა? როდესაც მხილებულ ლიდერებზე რეაქცია არაა, არ შეიძლება კომენტარი გააკეთო შუა რგოლის ექს სახელმწიფო მოხელეებზე", - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უძილაურის დაკავება „ოცნების" მხარდამჭერებზე ცუდად იმოქმედებს, რადგან 2011 წლიდან უძილაური ივანიშვილის გვერდით იყო.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე ეს ცუდად რომ იმოქმედებს, ცხადია. გიორგი უძილაურს ვიცნობ და ეს არ იყო ხელისუფლებაში გუშინ მისული, პრაქტიკულად, 2011 წლიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვა დააპირა, ის მის გვერდით იყო, საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც ეკავა და ისეთი საქმეებიც. აი, მაგალითად, ცნობილი ტროლ-გვერდის „მიხეილ უკრაინოლოგის" ერთ-ერთი ადმინისტრატორი, „ქართუს" პიარის უფროსი იყო, ასევე ბერსათან და მის წრესთან დაახლოებული და ახლა მისი დაპატიმრება ბუნებრივია, რომ ბევრისთვის შემაშფოთებელი იქნება „ქართული ოცნების" მომხრეებისთვის. თან იმიტომ, რომ ბრალდებაც ცოტა გაუგებარია.

  • დავით ზურაბიშვილი: „ნაცმოძრაობის" დროს რუსეთის აგენტობის ბრალდებით სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააპატიმრეს. მას ბრალად წარედგინა, რომ სლოვაკეთის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰონორარის სანაცვლოდ ანალიტიკურ მიმოხილვებს აწვდიდა.შეიძლება აქაც რაღაცა ეგეთი იყო".

„ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა" - ეს რას ნიშნავს არ ვიცი, რადგან ჰაერში ნათქვმია. რომელი ქვეყნის და კონკრეტულად რა ინფორმაციის მოწოდებაში გამოიხატებოდა? მახსოვს, „ნაცმოძრაობის" დროს ასეთი შემთხვევა იყო - რუსეთის აგენტობის ბრალდებით ერთი სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააპატიმრეს. სასამართლოზე მას ბრალად წარედგინა, რომ სლოვაკეთის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებულია და არსებობს, ჰონორარის სანაცვლოდ, რომელიც ასევე ოფიციალური იყო, ანალიტიკურ მიმოხილვებს მაილით აწვდიდა, რომელიც ასევე ოფიციალური იყო. ამის გამო დაიჭირეს და უთხრეს რუსეთის აგენტი ხარო. შეიძლება აქაც რაღაცა ეგეთი იყო, არ ვიცი. რადგან არ უთქვამთ და არც ინფორმაციას გამოუჟონავს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი... ევროპული ქვეყანა ბელარუსიცაა და ესპანეთიც და რომელ ქვეყანას გულისხმობენ?

„ოცნების" წევრებისთვის, ცხადია, შემაშფითებელი იქნება, რადგან რიგითი პიროვნება არ იყო. მაგ კაცს (ბიძნა ივანიშვილს) მარჯვენა და მარცხენა ხელი საერთოდ არ ჰყავს, ხელთათმანებივით ის მუდმოვად იცვლის ამ ადამიანებს, მაგრამ საკამოდ დაახლოებული და თან დიდი ხნით მასთან ნაყოფი ნამდვილად იყო. ასეთი საქმიანობა, როგორიცაა საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ტროლები, ბოტები, რაღაც დეზინფორმაციაიის გავრცელება - ასეთ საქმეში ერთ-ერთი მსხვილი პირი იყო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×