თამთა ჩაჩანიძე
04.05.2026

უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, მოთხოვნა კანონების გაწვევაზე, "ოპოზიციური ალიანსი" და პროცესები ფასების კლებასთან დაკავშირებით - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც ერევანში პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთში იმყოფება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე.

პრემიერმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება". მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს ყველა მიმართულებით და დაიცვას ქვეყნის პოზიციები.

პრემიერის შეფასებით, სამიტის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები არ მოუსმენია.

  • " აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია"

"ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთაც არაერთხელ გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ქვეყნის მიმართ, რაც სამწუხაროა. უნდა ვიმუშაოთ, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც მუშაობა გვიწევს.

"მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე. აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია. ამ ფორმატში არ ყოფილა ამაზე საუბარი. გასაუბრება მქონდა არაერთ ლიდერთან, ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გაქვს გასაუბრების საშუალება, ფორმატი ასეთია. ყველასთან გვქონდა საუბარი იმ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია",- აღნიშნა პრემიერმა.

უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა

პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციასთან დახურული ტიპის შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, იყო მეგობრული საუბარი, თუმცა მის შინაარზე ვერაფერს იტყვის.

"მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.

"თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.

"უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატი

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა მთავარ თემებზე გაამახვილა ყურადღება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის დროს.

"საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი.

ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვგულისხმობ და არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოც მათ შორის, არის მოქცეული ამ ორ სამხედრო კონფლიქტს შორის. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები.

"ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ. შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ.

საუბარი მქონდა ასევე იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას.

"ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან", - განაცხადა პრემიერმა.

კაია კალასის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადებას სამწუხარო უწოდა.

"ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა. ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ.

"ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო. ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, არ არის სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩანაცვლდება სამართლიანი განცხადებებით", - განაცხადა პრემიერმა.

კანონების გაწვევა

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონების გაწვევის მოთხოვნის უკან დგას "უხეში პოლიტიკური ინტერესები.

"კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ კანონების გაწვევაზე, ეს კანონები ეხება გამჭვირვალობას.

"გამჭვირვალობა არის აუცილებელი როგორც ხელისუფლების შემთხვევაში, ისე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების შემთხვევაში. ეს არის ტრადიციული ევროპული ღირებულება და როდესაც კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, აქედან ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრაგმატული პოლიტიკა

მთავრობის ემთაურის თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს ყველა მიმართულებით.

"ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი.

  • "საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი... ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით... შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ"

"საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში ", - განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციური ალიანსი

პრემიერმა ისაუბრა "ოპოზიციურ ალიანსში" მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას.

"ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც, მათ შორის, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ ყოველ ჯერზე გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას.

"აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყველა ჯერზე. 10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში. ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ფასები

პრემიერი ამბობს, რომ ფასების საპარლამენტო კომისიამ საბოლოო ჯამში "ძალიან სიღრმისეული დასკვნა დადო, სადაც გამოვლინდა სტრუქტურული პრობლემები ფასწარმონაქმნში.

"ეს სტრუქტურული პრობლემები გროვდებოდა არათუ წლების, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ორ დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ შემცირდება 86%-დან ფასნამატი გონივრულ ოდენობამდე, ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

"ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბიზნესთან თანამშრომლობით იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც იდენტიფიცირებულია მიწოდების სრულ ჯაჭვში",-ამბობს კობახიძე.

დიუშენი

ირაკლი კობახიძემ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა:

"არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინც და მაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული.

"არ შეიძლება ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს",- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×