ნატალია ჯვარიძე
04.05.2026

ირანის ბლოკადის მიუხედავად, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნები არაბეთის ყურეში მოქმედებენ, მას შემდეგ, რაც მათ „პროექტი თავისუფლების" მხარდასაჭერად ჰორმუზის სრუტეში გაიარეს", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები „კომერციული მიმოსვლის აღდგენის ძალისხმევას მხარს აქტიურად უჭერენ". „როგორც პირველი ნაბიჯი, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა კომერციულმა გემმა წარმატებით გაიარა ჰორმუზის სრუტე და ახლა უსაფრთხოდ განაგრძობს სვლას", - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ამასთან, გამოცემა „აქსიო" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის ძალის გამოყენების წესები შეიცვალა და უფლება მიეცათ, რომ ცეცხლი გაუხსნან იმ სამიზნეებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს, რომ ჰორმუზის სრუტეში მის ერთ-ერთ სამხედრო გემზე ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა.

„დარტყმა აშშ-ის საზღვაო ძალების არცერთი გემზე არ განხორციელებულა. აშშ-ის ძალები მხარს უჭერს „პროექტ თავისუფლებას" და ახორციელებენ საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებზე", - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი ჰორმუზის სრუტეში არ შეუშვეს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო გემზე თავდასხმა ორი რაკეტით განხორციელდა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ერთობლივმა საზღვაო საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, რომ სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების საფრთხის დონე „კრიტიკული" რჩება და მეზღვაურებს ურჩევს, განიხილონ მარშრუტი ომანის ტერიტორიული წყლების გავლით, მოძრაობის გამყოფი სქემის სამხრეთით.

ირანმა გააფრთხილა აშშ-ის საზღვაო ძალები, ჰორმუზის სრუტეში არ შესულიყვნენ და განაცხადა, რომ კომერციულ გემებს ნებისმიერი გადასასვლელი მის სამხედროებთან უნდა შეეთანხმებინათ. მან ასევე გამოაქვეყნა ახალი რუკა, რომელიც ასახავს იმას, რაც მათი თქმით, ირანის კონტროლის ზონაა.

დასავლურ მედიაში წერენ, რომ ჯერ არ არსებობს მკაფიო შეთანხმება, როგორ უნდა იყოს უსაფრთხოდ გახსნილი სრუტე.

სამხედრო ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ჰორმუზის სრუტე არის უკიდურესად ვიწრო და სენსიტიური წერტილი. ერთი შეცდომა (დრონი, არასწორი სიგნალი, გაფრთხილების ცეცხლი) შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სამხედრო შეტაკებაში. ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ირანი სრუტეს იყენებს, როგორც მოლაპარაკების იარაღს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×