
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.
„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე", - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.
მისი თქმით, გაზაფხული გადამწყვეტი მომენტი იქნება.
„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ კიევი მოსკოვის თავზე დრონების გაშვებას აპირებს.
„როგორც ჩანს, კიევი მოსკოვის თავზე დრონების გაშვებას აპირებს. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, პუტინმა მასშტაბური აღლუმი გადადო. უკრაინელებმა გადაწყვიტეს რუს ოკუპანტებს 9 მაისი თავისებურად მიულოცონ. ამის საშუალება მათ გააჩნიათ, რადგან მათი დრონები აბსოლუტურად ყველგან დაფრინავენ.
მითუმეტეს, ახლა მოდერნიზებული დრონები გააჩნიათ, მესამე და მეოთხე თაობის სისტემებზეა საუბარი, რომლებსაც უკვე რუსეთის ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გარღვევა შეუძლიათ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია ისიც, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მაცხოვრებლებს აფრთხილებენ, რომ 5-9 მაისს, სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების დროს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დროებით შეიზღუდოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოსკოვში შესაძლებელია მობილური ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები დროებით შეიზღუდოს 5-დან 9 მაისამდე სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების დროს", - ნათქვამია „ბილაინის" განცხადებაში.
კომპანია მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi-ით სარგებლობას, ხმოვანი ზარებისთვის კი სმარტფონის პარამეტრებში VoLTE ფუნქციის გამოყენებას ურჩევს.