
რუსთაველის ეროვნულ თეატრში მიმდინარე საკადრო ცვლილებები და მსახიობთა გათავისუფლება ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მსახიობი ანა ამილახვარი დეტალურად აღწერს იმ კრების დეტალებს, სადაც მსახიობმა ქეთი სვანიძემ დასის წინაშე კოლეგების თეატრიდან გაძევება მოითხოვა.
"1-ლი მარტიდან გამიუქმდა კონტრაქტი რუსთაველის თეატრში, ისე რომ ერთი კაციც ვერ მოძებნეს, ეს ინფორმაცია ადეკვატურად, რომ მოეწოდებინა. დღემდე არ მაქვს არავითარი დოკუმენტი სადაც გათავისუფლების მიზეზი იქნება მითითებული. ამბობენ, რომ ამის აუცილებლობა ახალი კანონის თანახმად აღარ აქვთ. ბატონი რობერტ სტურუას თქმით: ის პოლიტიკური ნიშნით არ ათავისუფლებს ხალხს, ამ დროს კი გაგვათავისუფლეს მხოლოდ ის სამი მსახიობი ქალი, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ სინდისის პატიმრებს სცენიდან.
სამაგიეროდ შეინარჩუნეს მსახიობები, რომლებიც ათწლეულებია სცენაზე არ ყოფილან, არც რუსთაველის და არც სხვა რომელიმე თეატრის. არხეინად იღებენ სახელმწიფო ფულს და იკავებენ ადგილებს, რომლებზეც ხალხი ოცნებობს. მოკლედ ეს კანონები შეიმუშავეს ისე, რომ არანაირი იურიდიული პრეტენზია არ გვქონოდა, რადგან მანამდე, ანუ ახალ კონტრაქტებამდე, გამოგვიწერეს შენიშვნა და სასჯელი სადაც გვაბრალებდნენ, ისეთ რამეს, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი.
სასამართლოში შევიტანე სარჩელი, რადგან ვიცოდი ამ საბუთს გათავისუფლება მოჰყვებოდა და გავაპროტესტე, მაგრამ მეორე ინსტანციაზე, ულაპარაკოდ, წამაგებინეს და ეს თემა, ახლაც უზენაეს სასამართლოში განიხილება. ამ ახალ კანონებამდე კიდევ რაღაც გვიცავდა, მაგალითად ვადები თეატრში მუშაობის. დღეს კი მსახიობი თეატრში ჩვეულებრივი მარიონეტია, რომელსაც არაფრის უფლება არ აქვს. მაშინვე ვიფიქრე, რომ ჩვენს გასაგდებად მოფიქრებული ხრიკი იყო, რომელიც ჩვენით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გადაიყოლებს, ისე უსამართლოდ,როგორც ჩვენ მოგვექცნენ და აი, დაიწყო კიდეც.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ჩემს კომენტარს სადაც ვთქვი, რომ აღარ მინდოდა ბატონი რობერტის სპექტაკლებში თამაში, რადგან ის საჯაროდ "უნიჭო მონებს" გვეძახდა, დაგვცინა და აბუჩად აგვიგდო ჩვენი პროტესტის გამო. დეკემბერში თეატრში კრება მოაწყვეს, რომ კარგად აეხსნათ, რასაც გვიპირებდნენ იურიდიულად და უცბად სრულიად მოულოდნელად, ქეთიმ (ქეთი სვანიძე, მსახიობი) თავის თავზე აიღო ჩვენი კუთხეში მომწყვდევა.
მთელი დასის წინაშე მოითხოვა ბოდიშები, იმის გამო, რომ სოლიდარული ვიყავით პატიმრების მიმართ და ასევე თავს ვიცავდით. ხელების ქნევით მოითხოვდა ჩვენს გაგდებას თეატრიდან, რადგან მისი თქმით, ჩვენ ვარცხვენდით თეატრის რეპუტაციას. ეს იყო ყველაზე დიდი შოკი, მეგობრისგან, რომელსაც არასოდეს, არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია, უცბად გახდა ლიდერი ჩაქოლვის.
ქალბატონი ქეთი მოგვიწოდებს: ბატონი რობერტის "ვეფხისტყაოსანი" ჯერ ვნახოთ და მერე ამოვიღოთ ხმა, სხვა შემთხვევაში არ მიიღებს პრეტენზიებს, თვითონ კი კოლეგას, მეგობარს, დედას ისე ესვრის ქვას და ტოვებს უსამსახუროდ, რომ საქმეში არც გარკვეულა, მხოლოდ ჭორების დონეზე ჰქონია ინფორმაცია ან ძალიან კარგადაც ერკვევა, მაგრამ განზრახ მოგვიშორა თავიდან. თავად ამოირჩიოს,რომელი ვერსია უფრო მოსწონს. გულის გასახეთქი ამბავია და ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ეს შენგან დამემართებოდა. მე ყველა ჩემს საქციელზე მაქვს პასუხი და დეტალურად ჩავაბარებ ანგარიშს საზოგადოებას.
მთელი გააზრებული ცხოვრება რუსთაველის თეატრის მსახურებაში გავატარე და მიყვარს მისი ყველა სივრცე და თუ ვინმეს გონია, რომ ამ დანაკარგით უბრალოდ სამსახური დავკარგე ძალიან ცდება. ისეთი აქტიური მსახიობისთვის, როგორიც მე ვიყავი თეატრში, ამაზე დიდი დარტყმა არც კი ვიცი რა უნდა იყოს. გაგვწირეს და კიდევ წიხლს გვაჭერს ზემოდან. გაჩერდი მაინც, უბრალოდ გაჩერდი. ერთ თეატრში აღარ ვართ, სამაგიეროდ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ამას ნამდვილად ვერ შეცვლი“, - დაწერა ანა ამილახვარმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე