რეზონანსი
02.05.2026

ენმ-ს წევრი, მარიამ დოლიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა. დოლიძე პროკურატურამ გამოსაკითხად მას შემდეგ დაიბარა, რაც გიორგი გვარაკიძის უწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმიდან ორი წლის თავზე, სავარაუდო მოძალადეების გვარები დაასახელა. იდენტიფიცირებულია სპეცრაზმელები, რომლებიც ენმ-ს თქმით, ლევან ხაბეიშვილის „გატაცებასა და წამებაში მონაწილეობდნენ“. დოლიძე ამბობს, რომ ახლა პროკურატურა მას კი არა, არამედ მის მიერ დასახელებულ გდდ-ს თანამშრომლებს უნდა იბარებდეს გამოსაკითხით. ენმ-ს წევრმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. ამიტომ ის დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. 

„წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას მარიამ დოლიძესთან, მაშინ, როდესაც ზვიად ხარაზიშვილი, გოგა მემანიშვილი და ეს ადამიანები გარეთ არიან - სწორედ ის ადამიანები, რომლებცი თავად ლევან ხაბეიშვილმა ამხილა მისი წამების დრო, ვინც იმყოფებოდნენ იქ და მართლა მაინტარესებს, რა კითხვა შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას ჩემთან. დასახელდა გდდ-ს თანამშრომლების გვარები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები მოეყვანათ და დაეკითხათ, გამოეკვლიათ მათი ალიბი- სად იყვნენ 2024 წლის 30 აპრილს, როცა ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს და 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, ნაცვლად ამისა, მე დამიბარეს გამოკითხვაზე“, - ამბობს მარიამ დოლიძე. 

ორი დღის წინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორიცელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს  სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშორმლები, მთავარი სამმართველოს უფროსი - იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები - ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - დავით ყამარაული. მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ „ხარება“ და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×