ნატალია ჯვარიძე
02.05.2026

 

 დასავლეთთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მმართველ გუნდს სურს, რომ საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. შესაბამისი ოფიციალური განაცხადი უკვე გაკეთებულია და „ქართულ ოცნებას" პოზიტიური მოლოდინი აქვს.

ეუთოში თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა კონსენსუსით ხდება, რაც ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას გულისხმობს. გაერთიანების წევრები წინასწარ, ხშირად რამდენიმე წლით ადრე იწყებენ კონსულტაციებს, თუ ვინ იქნება მომავალში თავმჯდომარე - ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ამით აცხადებს მზადყოფნას.

მომავალი თავმჯდომარე ხშირად 1-2 წლით ადრე უკვე შეთანხმებულია, რათა თავმჯდომარეობის გადაბარება შეუფერხებლად მოხდეს. ხოლო როდესაც კონსენსუსი მიღწეულია, გადაწყვეტილება ფორმალურად მტკიცდება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ან მუდმივ საბჭოში და ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ამ პოზიციას 1 წლით იკავებს.

  • მაკა ბოჭორიშვილი: „საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის, იმიტომ რომ არასდროს, არც ერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიიდან არ ყოფილა ამ პოზიციაზე".

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კრიტიკული გზავნილებისა, საქართველოს კანდიდატურას ამ ეტაპზე მკვეთრი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართო მხარდაჭერის მოპოვებას მნიშვნელოვანი დიპლომატიური მუშაობა უნდა უძღოდეს წინ, ასევე გასათვალისწინებელია არაერთი ქვეყნის ინტერესი.

„საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის, იმიტომ რომ არასდროს, არც ერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიიდან არ ყოფილა ამ პოზიციაზე", - ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან:

„ყველაფერი წინ არის, ჯერ დეკემბრამდე დროა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული მხარდაჭერა ექნება საქართველოს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „მე ვერ ვხედავ რატომ არ უნდა მისცენ თავმჯდომარეობა. ახლა „ოცნებამ" დასავლეთში დაიწყო პროპაგანდა, რომ მთელი შსს მოასუფთავა, რომლებიც აქციებს არბევდნენ. ამას კარგად ყიდიან."

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების ამ სურვილს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი აზრით, „ქართული ოცნება" ამით შეეცდება წინასაარჩევნოდ წარმოჩინდეს, როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალა.

„ეუთო საერთოდ დაშლის ზღვარზეა, ბოლო 4 წელია რუსეთის ძალიან მანიპულირებს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე. ეუთოს თავმჯდომარეობა მსოფლიოში ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გარკვეული გავლენები ექნება. მგონი „ქართულ ოცნებას" უნდა, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მერყევ ამომრჩეველში განცდა შექმნას, მათ საერთაშორისო აღიარება აქვთ. ვფიქრობ, რუსეთი, რომელიც მუდამ მანიპულირებს, ამ შემთხვევაში საქართველოს მხარს დაუჭერს. თუ ეს მოხდა, სხვები წინააღმდეგი არ იქნებიან.

„თუ „ოცნებამ" ეს ჩაიფიქრა, მგონი რუსეთიდან არის ჩაწვეთებული. მაგალითად, შეუძლებელია უკრაინა ამ პირობებში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს, რადგან რუსეთს არ უნდა. უბრალოდ გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, „ოცნებას" შანსი აქვს მომავალ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. ეს კარგად გათვლილი წინასაარჩევნო ტრიუკია.

  • პეტრე მამრაძე: „პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ თავმჯდომარეობა მოგვცენ.... კი, ბატონო, იყოს კენჭისყრა და გავიგოთ ვინ რა მხარეს იდგება".

„დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ეუთოში არიან გაწევრიანებული, ცდილობენ მესამე ქვეყნები აირჩიონ. მაგალითად, ასეთი იყო ყაზახეთი. იქ ნაკლები კორუფცია და ავტორიტარიზმია? ამიტომ ამაში უცნაური არაფერი იქნება. თან უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველო ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოა, უბრალოდ დავალებებს არ ასრულებს. იგივე მდგომარეობაა ევროკავშირთან მიმართებით - ფორმალურად კანდიდატი ქვეყანაა. საკმაოდ სერიოზული ბექგრაუნდი აქვს, რათა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.

„საინტერესო იქნება თუ საქართველო აირჩიეს, რადგან ეუთო ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაშია ჩართული, ასევე ეუთო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თანათავმჯდომარეა. ღმერთმა ქნას ამ მიმართულებით ამან რამე მოუტანოს ქვეყანას, მაგრამ არ მგონია.

„მე ვერ ვხედავ რატომ არ უნდა მისცენ თავმჯდომარეობა. მითუმეტეს, თუ ამ პერიოდში დარბევები არ იქნება. ახლა „ოცნებამ" დასავლეთში დაიწყო პროპაგანდა, რომ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო მოასუფთავა, რომლებიც აქციებს არბევდნენ. ამას კარგად ყიდიან. თან მიდის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ აი, რამდენი ხანია საქართველოს ცენტრალურ ქუჩაზე აქციები იმართება. ამბობენ, მართალია ისინი ბევრი არ არიან, მაგრამ ჩვენ ხელს არ ვუშლით, რადგან ეს დემოკრატიული ქვეყანააო. თუ ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ აქციის მონაწილეები იწერენ ქულებს, ძალიან ვცდებით. აქედან გამომდინარე ბევრი რაღაცებია, რასაც „ოცნება" თავის სასარგებლოდ გამოიყენებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით კი, თითქმის გამორიცხულია საქართველოს თამჯდომარეობა მისცენ.

„ეს არის ეუთოს წევრი ქვეყნის ჩვეულებრივი მოქმედება, ამის უფლება ყველას აქვს. „ქართული ოცნების" მიმართ ცილისწამება ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან მოდის. ამაზე მიანიშნებს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ეუთოდან წამოვიდა და ხელი 23 წევრმა მოაწერა, მაგრამ 33-მა არა. ასე რომ, არიან იქ ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი უბინძურესი რამეები იკადრონ.

„ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა კონსესუსით ხდება. ამიტომ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ თავმჯდომარეობა მოგვცენ. უბრალოდ ამით გამოჩნდება ვინ რას აძლევს ხმას. კი, ბატონო, იყოს კენჭისყრა და გავიგოთ ვინ რა მხარეს იდგება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×