რეზონანსი
02.05.2026

ავარიას ყვარელში სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ყვარლის მეორე საჯარო სკოლა, სამძიმრის ტექსტს ავრცელებს:

"ეს ის საშინელებაა, რომელმაც სასტიკ აგონიაში ჩაგვაგდო დიდი თუ პატარა. გული უხმოდ ღრიალებს და სული კვდება იმ ტრაგედიის გამო, რაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს სკოლას მოულოდნელად დაატყდა თავს და გაამწარა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულმა დაღუპვამ.

ნეტავ, ცრემლს შეეძლოს ნუგეშის მოგვრა, წუხილის დაამება, ნეტავ თუ მოიძებნება გიორგის ოჯახისთვის სათქმელი მაცოცხლებელი სიტყვები?! გიორგი ჩვენი მოსწავლეა, ჩვენ მიერ გაზრდილი, რამდენ სასიამოვნო მოგონებასა და ისტორიას ინახავს, გიო, შენს შესახებ ჩვენი სკოლის კედლები. ჩვენთვის დიდი ტკივილია, ღია ჭრილობა, განსაცდელი.

უძლურია ყოველი სიტყვა. ნუგეშად ქრისტიანს მხოლოდ ის ღრმა რწმენა გვრჩება, რომ სიცოცხლე უკვდავია და მარადისობაში უფალთან ყოფნით აგრძელებს ცხოვრებას, სადაც არ არის მწუხარება და ჭირი, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ნათელი მის ლამაზ, ახალგაზრდა, უბოროტო სულს, ხოლო მის ოჯახსა და ჩვენ გამძლეობა მოგვმადლოს ღმერთმა," - წერია ყვარლის მეორე საჯარო სკოლის სამძიმრის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×