ნატალია ჯვარიძე
01.05.2026

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდის ფონზე საზღვაო ძალებს აერთიანებს. არქტიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში „ჩრდილოეთის ფლოტის" ალიანსი შეიქმენა, სადაც გაერთიანებულია ათი ქვეყნის სამხედროები. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, გენერალ გვინ ჯენკინსის განაცხადებით, დროის დაკარგვის დრო აღარაა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ალიანსის შექმნა იგეგმება გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ბაზაზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის სამხედროები. შესაძლოა მათ კანადაც დაემატოს.

პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად გამოიყენებენ ტექნიკურ აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, პირად შემადგენლობას, ციფრულ ქსელებს, ლოჯისტიკასა და მარაგებს. ალიანსის მართვა ლონდონიდან განხორციელდება.

ჯენკინსის განცხადებით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორობა „კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს", თუ სურთ „შექმნან კოლექტიური საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია რუსეთთან ღია საზღვაო საზღვრის გასწვრივ შეკავების უზრუნველსაყოფად".

მისი თქმით, ახლა „გარდამტეხი ეტაპია", როდესაც „დროის დაკარგვა აღარ შეიძლება".

„ჩვენ ვიცით, რომ დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, სწორედ ამიტომ, წლის ბოლომდე მსურს, ყველამ ხელი მოვაწეროთ ოფიციალურ დეკლარაციას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მტკიცე პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში.

  • ვახტანგ მაისაია: „როგორც შეიქმნა „აუკუსი" ჩინეთის დასაბალანსებლად. ეს ალიანსი იქნება რუსეთის დასაბალანსებლად. ანუ ბრძოლა მიდის არქტიკისთვის"

„მე მიზნად მაქვს შევქმნა საზღვაო ძალები, რომლებიც ერთად გაიწვრთებიან, ივარჯიშებენ და მოემზადებიან. ძალები, რომლებიც შექმნილია საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ საბრძოლველად, რეალური შესაძლებლობებითა და საომარი გეგმებით.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ გაიზარდა რუსეთის შემოჭრა ჩვენს წყლებში თითქმის ერთი მესამედით. მხოლოდ 2025 წელს სამეფო საზღვაო ფლოტს ათჯერ მაინც მოუწია რეაგირება რუსული გემების წინააღმდეგ", - განაცხადა ჯენკინსმა.

„ჩრდილოეთის ფლოტის" ალიანსის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 2029 წლისთვის იგეგმება.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, არქტიკა შეიძლება სამხედრო დაპირისპირების ახალ ზონად გადაიქცეს.

„ეს რეგიონი შეიძლება გახდეს როგორც ჰიბრიდული, ისე შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის არეალი. დღეს ფაქტობრივად, რუსეთი არქტიკის მიმართულებას აძლიერებს, შექმნილი აქვს ოპერატიულ-სტრატეგიული მეხუთე სარდლობა - „არქტიკა". ასევე, ბალტიის ჩრდილოეთ ფლოტები გაძლიერებულია. მისი საზღვაო არეალი და არქტიკა ერთ-ერთი მთავარი კონფრონტაციის ადგილია. ალბათ, ამისთვის ცალკე სამხედრო პოლიტიკური ტიპის ალიანსი შეიქმნება, რომელიც წყნარი ოკეანის სივრცეში შევა. როგორც შეიქმნა „აუკუსი" ჩინეთის დასაბალანსებლად. ეს ალიანსი იქნება რუსეთის დასაბალანსებლად. ანუ ბრძოლა მიდის არქტიკისთვის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×