
ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის დასკვნას ხელს არ აწერს არც ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის" და არც „ხალხის ძალა" და მიაჩნიათ, რომ დოკუმენტს ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რაც ფასების რეალურად დარეგულირების რეალურ მოლოდინს და საფუძველს შექმნის.
კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კრიტიკას პასუხობს, მისი თქმით, „ბიზნესს გადაჭარბებული მოგება არ აქვს და საბოლოოდ პროდუქტებზე ფასს ზრდის ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა".
დასკვნა 104 გვერდს მოიცავს და სამეტაპიანია - პირველი ეტაპი მოიცავს საკვებ პროდუქტებს, მეორე - მედიკამენტებს. როგორც კომისიაში ამბობენ, 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები, რომლის ფარგლებში „განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე".
„პირველი არის გამჭვირვალობის ნაკლებობა. კომერციული ურთიერთობები ხშირად გაუგებარია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში არც კი ექვემდებარება სტანდარტულ კომერციულ ლოგიკას.
„მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გადახდების დაგვიანება. ეს ქმნის დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ ზეწოლას მთელ ჯაჭვზე, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში. შედეგად, ამ სუბიექტებს სჭირდებათ მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი, რაც, თავის მხრივ, ძვირია და ზრდის საერთო ხარჯებს", - ამბობს შოთა ბერეკაშვილი.
- შოთა ბერეკაშვილი: „ბიზნესს გადაჭარბებული მოგება არ აქვს და საბოლოოდ პროდუქტებზე ფასს ზრდის ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა"
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კითხვას სვამს - „რისთვის შექმნა ფასების შემსწავლელი კომისია კობახიძემ?"
„საბოლოოდ რა მივიღეთ? კობახიძე გამოცხადდა მატყუარად, ხოლო „გადაწყვეტილებად" შემოთავაზებული ღონისძიებები, მთლიანად სამთავრობო კომპეტენციას განეკუთვნება. ანუ კობახიძე გამოცხადდა მაღალი ფასების შემოქმედად და ფასების დაწევის საკითხში არაკომპეტენტურად."
ბოიკოტის მიზეზები
„ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზოგადი ხასიათის მიგნებები არ იქნება საკმარისი და შესაბამისად კონკრეტიკის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან არ გვეცოდინება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი.
„ჩვენი პოზიცია ესაა: რეალურად ფასების რეგულირება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საზოგადოება. დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
- გურამ მაჭარაშვილი: „დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება"
ამავე პარტიის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ხალხის ძალამ" დასკვნას, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს მას შემდეგ, რაც სრულად გაეცნობიან და მიიღებენ საფუძვლიან და არა სპეკულაციურ გადაწყვეტილებას.
„ვაფასებ ამ შრომას, კარგი დოკუმენტია, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ სრულად გავეცნოთ. ასევე აუცილებელია, რომ მეტი კონკრეტული რეკომენდაცია იყოს წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს. შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური - არც უბრალოდ უარყოფა უარყოფისთვის და არც გაუაზრებელი მხარდაჭერა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„გახარია საქართველოსთვის" ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე ამბობს, რომ დასკვნას ხელს არ აწერს მისი ფრაქცია და თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ფასებმა რეალურად კლება დაიწყოს, რეალური კონკურენცია უნდა იყოს, „ჯანსაღი კონკურენცია კი ვერ შეიქმნება, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, ლობირება და კორუფცია".
„ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ეს ასე მოხდება," - განაცხადა კერესელიძემ.
რა წერია დასკვნაში
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალფაქტორულ პროცესს, რომელიც განისაზღვრება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის - მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით. შესაბამისად, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე.
სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ: საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით;
საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე;
ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები;
ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების მოდელი, რომლის
ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით.
იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად უკავშირდება:
ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიას;
მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნას და გადახდების გახანგრძლივებულ ვადებს;
მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობასა და ლოგისტიკურ ხარჯებს;
ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.
აღნიშნული ფაქტორები ერთობლივად ქმნის ფასის ფორმირების სისტემურ გარემოს და ზღუდავს ფასების შემცირების შესაძლებლობას სტრუქტრული ცვლილებების გარეშე.
რეკომენდაციები:
ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და
ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ამ მიზნით რეკომენდირებულია:
საშუალოვადიან პერიოდში - ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, კომერციული
ურთიერთობების სტანდარტიზაცია და სექტორული მონიტორინგის სისტემის
განვითარება;
გრძელვადიან პერიოდში - ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდა, ასევე კერძო ეტიკეტის განვითარება კონკურენციის გაძლიერებისთვის;
მოკლევადიან პერიოდში - მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე ფასის შემცირებას ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე.
საერთო შეფასება
საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების დინამიკა განპირობებულია სისტემური ფაქტორებით. შესაბამისად, პოლიტიკის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს იგი ბაზრის სტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტას, გამჭვირვალობის ზრდას და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
ამ პროცესში მიზნობრივი, პროპორციული და ეტაპობრივი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც ფასების სტაბილიზაციისთვის, ისე სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.