ნატალია ჯვარიძე
30.04.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნას პროგნოზირებს. რამდენად რეალურია ეს და თავად „ოცნებაში" მიმდინარე პროცესების ლოგიკა მიუთითებს თუ არა მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე?

სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ „ფეისბუქ ლაივის" დროს ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ფიქრობენ, კიდევ რამდენ ხანს იქნებიან დაკავებულ თანამდებობაზე.

  • სალომე ზურაბიშვილი: „ვიღაც თურმე მაკა ბოჭორიშვილზე ლაპარაკობს, ვიღაც კიდევ სხვაზე და ამ ყველაფერს ადევნებს ყურს ალბათ ჩვენი კობახიძე".

„ახლა, ალბათ კობახიძე ფიქრობს, მე რამდენ ხანს ვიქნები, რამდენ ხანს მოუნდება. კალაძეც ფიქრობს, მაგრამ კალაძე ერთი რამით არის დაცული - ალბათ არავის აქვს სურვილი, რომ გაიმართოს თბილისის არჩევნები. მაგრამ არჩევნები არ არის საჭირო პრემიერისთვის, ამიტომ კობახიძეს ნაკლები გარანტიები აქვს და იქით-აქეთ ვიღაცები უმიზნებენ „იმის" მხარდაჭერას და ამის ადგილს. ვიღაც თურმე მაკა ბოჭორიშვილზე ლაპარაკობს, ვიღაც კიდევ სხვაზე და ამ ყველაფერს ადევნებს ყურს ალბათ ჩვენი კობახიძე", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ოცნებაში" საკადრო ცვლილებების შესახებ კითხვებს, თავად ივანიშვილის გუნდმა უნდა უპასუხოს.

„თვითონ უნდა ახსნან რას ნიშნავს ისა თუ ეს გადაადგილება. სხვათა შორის, თუ რამე აზრი აქვს პარლამენტს, პრინციპში პარლამენტის წინაშე, თუნდაც თავიანთი უმრავლესობის წინაშე უნდა ანგარიში წარადგინოს იმ მინისტრმა, რომელიც დაქვეითებული არის, გაშვებული, თუ გადაადგილებული. თქვას რა გააკეთა. მერე პრემიერმა ახსნას რატომ გადააყენეს, რისთვის გადააყენეს, რა დამსახურება ჰქონდა მას, ან რა შეცდომები დაუშვა და ა.შ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და ამით აიხსნება ეს გადაადგილებები და ზოგ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრი გადაადგილება ხდება, პრემიერი, ნორმალურ ქვეყანაში, თვითონაც გადადგება - ე.ი. არ გაამართლა მისმა გუნდმა და ვალდებული არის რომ გადადგეს.

  • რამაზ საყვარელიძე: „ვანგა უსინათლო იყო და ხედავდა, ზურაბიშვილი თვალხილულია, მაგრამ შეიძლება ვერ ხედავს იმას, რაც მის სურვილებს არ ემთხვევა."

„მაგრამ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ამ ტიპის რეჟიმში და აქ როტაციას სხვა როლი გააჩნია - ეს არის სუფთა წყლის სტალინისტური მეთოდი როტაციის, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ყველა ჩინოვნიკმა იცოდეს, მისი ადგილი არსებობს მხოლოდ, სანამ არსებობს თავის, პირველის ნება და როგორც კი ნება იცვლება, მას აღარ აქვს არანაირი პრივილეგია, არც ძალაუფლება, არც ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ყოველწუთიერად არის დამოკიდებული „იმაზე", იმ ერთზე. ამით აძლიერებდა თავის სისტემას სტალინი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ეჭვის თვალით უყურებს ზურაბიშვილის პროგნოზებს.

„არ მახსენდება, რომ სალომე ზურაბიშვილის პროგნოზები რეალობასთან ახლოს ყოფილიყო. ვანგა უსინათლო იყო და ხედავდა, ზურაბიშვილი თვალხილულია, მაგრამ შეიძლება ვერ ხედავს იმას, რაც მის სურვილებს არ ემთხვევა. ქალბატონი ბოჭორიშვილის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა ჩაანაცვლოს კობახიძე. ეს, ფაქტობრივად, მთავრობის შეცვლას ნიშნავს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე კობახიძის გადადგომის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

  • არჩილ გამზარდია: „არ ვიცი ზურაბიშვილს რა წყაროები აქვს, ან რა ლოგიკით საუბრობს, მაგრამ მე კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ასე მარტივად არ ვუყურებ."

„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებას" საკმაოდ უცნაური საკადრო პოლიტიკა აქვს. ამიტომ გადადგილების გამორიცხვა შეუძლებელია. უბრალოდ თავად კობახიძის ფაქტორია, ანუ შესაძლებელია თუ არა ასე მარტივად გადადგეს და თან, მისი თანამდებობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა ჩამოშორდეს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკიდან წასვლა მარტივი პროცესი არ არის. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება საყრდენი პირები. ადრე თუ არჩევანი ჰქონდა, იყვნენ მისთვის სანდო ადამიანები, დღეს ასეთები არ არსებობენ და კობახიძეზეა ყველაფერი ფოკუსირებული. თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან ხშირად გვგონებია რაღაც შეუძლებელი, მაგრამ მომხდარა.

„არ ვიცი ზურაბიშვილს რა წყაროები აქვს, ან რა ლოგიკით საუბრობს, მაგრამ მე კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ასე მარტივად არ ვუყურებ. ის, რომ, ვთქვათ, კობახიძე წასვლის რეჟიმშია, ამ ეტაპზე ამის საფუძველს ვერ ვხედავ. ის ამას არ იზამს და მაშინ ეს ივანიშვილის ზეწოლით უნდა მოხდეს. მას თავისი გავლენები სხვადასხვა შტოზე, სადაც ივანიშვილს ასე მარტივად ხელი არ მიუწვდება, უკვე შექმნილი აქვს. ამას გარდა, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ადვილი არ უნდა იყოს, რადგან დანარჩენი სახეები, ვინც კი დღეს წინ არის წამოწეული, მათ შორის თავად კობახიძის კადრია. ისეთებიც არიან, რომელზეც ივანიშვილი ბოლომდე არ ენდობა.

„ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ „ქართული ოცნების" შიგნით რაღაც დინებებია, რაც კობახიძის წინააღმდეგ არის მიმართული. თავისთავად ესეც გასააზრებელია. ამიტომ ამ ეტაპზე რთულია და ჰაერზე ვერ ვილაპარაკებთ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა კობახიძის წასვლის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×