
ძალიან რთულია წინა ადმინისტრაციის მიერ წლების განმავლობაში გაფუჭებული ურთიერთობების ასე ხელაღებით აღდგენა, მაგრამ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული ურთიერთობა, თუმცა ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი ამოცანაა, ეს სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც არაბუნებრივად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაწყდა, არა მხოლოდ აღდგეს, არამედ სტრატეგიულ ურთიერთობებს შევძინოთ ნამდვილი ხასიათი, რომ ეს იყოს არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ იყოს სიღრმისეული თანამშრომლობა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.