
აპრილის "საინტერესო სიახლეებმა" აშშ-საქართველოს ურთიერთობაში მაისისთვის გადაიწია - როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, კონკრეტული გეგმები არსებობს მხარეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების კუთხით და მომავალი თვის ბოლომდე "არაერთი კომუნიკაცია შედგება", თუმცა, დეტალებს არ ასაჯაროებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "რეზონანსის" ჯერ კიდევ 26 აპრილის სტატიაში, ნათქვამი იყო, რომ დაანონსებული "აპრილის სიურპრიზების" დრო იწურებოდა და ექსპერტები არ გამორიცხავდნენ, რომ ამ თვეში დაანონსებული ვიზიტი მომავალი თვისთვის გადადებულიყო. ამ დროისთვის პოლიტიკოსების მხრიდან მაისი ნახსენები არ იყო.
აპრილის თვე პირველად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახსენა, შემდეგ მოჰყვა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის მსგავსი შინაარსის განცხადება, აქაც იყო ნახსენები აპრილი.
როგორც თავად პრემიერი ამბობს, პირადად მას აპრილი არ უხსენებიადა ის მაისის ბოლომდე ელოდება "არაერთ კომუნიკაციას".
29 აპრილსვე "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოვა, ვიზიტის ფარგლებში შეხვდება როგორც "ქართული ოცნების" წევრებს, ასევე ოპოზიციას.
თუმცაღა, "ფორმულა" წერს, რომ კითხვაზე: შეუძლია თუ არა საელჩოს დაადასტუროს მაისის თვისთვის მსგავსი „შეთანხმებული დღის წესრიგის" არსებობა? არის თუ არა ამ პერიოდისთვის დაგეგმილი რაიმე მაღალი დონის შეხვედრა ან დიპლომატიური ღონისძიება ორ მხარეს შორის? ამერიკის საელჩოს პასუხია, რომ „ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი".
რატომ გადაიწია ვადებმა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ირანში რა პროცესები წავა.
"აშშ-საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ ირანში რა პროცესები განვითარდება. თუ ამერიკისთვის საჭიროებს საქართველოში ლოჯისტიკური არეალის შექმნას, მაშინ ეს პრობლემა დაიძლევა. თუ ამერიკას ამის საჭირობა არ დაუდგა, მაშინ არც არაფერი, ეს მხოლოდ პროპაგანდა იქნება.
- ვახტანგ ძაბირაძე: "აშშ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ ირანში რა პროცესები განვითარდება"
"დარწმუნებული ვარ, რუბიოს ზარიც და შემდეგ ალიევის ვიზიტიც - ყველაფერი ეს სწორედ იმის გარკვევას ემსახურებოდა, თუ რამდენად შეიძლებოდა საქართველო აღმოჩენილიყო ამერიკის პარტნიორი ამ მიმართულებით. თუ აშშ-ს ირანის პრობლემა მოეხსნა, მაშინ პროპაგანდა დარჩება. ახლა "ქართული ოცნება" რომ რუბიოს ზარს პროპაგანდისთვის გამოიყენებდა, ეს ისედაც ცნობილია.
"საქმე ისაა, რომ ტრამპმაც არ იცის რამდენ ხანში რას გააკეთებს. თავიდან იყო რომ ორი კვირით გადაიწევდა სამშვიდობო შეთანხმება, შემდეგ კიდევ ორი კვირა დაერთო და "ქართული ოცნება" როგორც ჩანს ამას ითვლიდა, შეიძლება ამერიკელებიც ითვლიდნენ.
"შეიძლება რაღაც თვეები ახსენეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად შედგება. შედგება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ირანთან მიმართებაში ჩვენი ტერიტორიის გამოყენება დასჭირდება",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ვადები აშშ-ს მხრიდანაც იწეოდეს.
"როგორც ჩანს თარიღმა გადაიწია, პერსონალურად კობახიძეს არ უთქვამს, მაგრამ თქვეს სხვებმა, შესაძლოა მათ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ან შეიძლება აპრილში ელოდებოდნენ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო გადაიდო. შეიძლება წინასწარი პრინციპული შეთანხმება მოხდეს, რომ ვიზიტი შედგება, მაგრამ ვიზიტის ვადების შეთანხმება ასე არ ხდება, ვადები საჭიროებებისა და გარემოებებიდან გამომდინარე დგება.
"ჯერჯერობით აშშ სხვა საქმეებითაა დაკავებული და საქართველოსთვის არ სცხელა, ირანის თემაა ყველაზე უფრო ცხელი.
- ზაალ ანჯაფარიძე: "არ გამოვრიცხავ ვადები აშშ-დან იწეოდეს... თუ ამერიკულმა მხარემ ცალსახა "კი" თქვა, ეს აპრილში მოხდება, თუ მაისში, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვიზიტი შედგეს, შეიძლება ივნისშიც შედგეს"
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვადები ამერიკიდანაც იწეოდეს, რადგან აქ მთავარია, რომ თუ ვიზიტზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და ამერიკულმა მხარემ ცალსახა "კი" თქვა, რომ მე ჩამოვალო, ეს აპრილში მოხდება, თუ მაისში ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვიზიტი შედგეს, შეიძლება ივნისშიც შედგეს. მთავარია ჩამოვიდნენ, აქ სიტუაციას გაეცნონ და აქედან რა ინფორმაციას წაიღებენ, ეს სხვა თემაა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რას ამბობენ მმართველ პარტიაში
პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის "არაერთი კომუნიკაცია შედგება".
"ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. რა, როგორ, დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახავთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის.
"რაც შეეხება აშშ-ისთან ურთიერთობებისთვის დაწესებულ ვადას, მე არ დამიწესებია ვადა [აპრილის ბოლომდე], მე ასეთი ვადა არ მითქვამს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. კონკრეტულად ვამბობ, ამ შემთხვევაში, მაისის თვეს. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა.
„მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ - როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან არის სურვილი, ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა",- განაცხადა პაპუაშვილმა.