რეზონანსი
29.04.2026

28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც საპატრიარქო კანდიდატების საკითხი განიხილებოდა, კანდიდატების ასაკობრივი ცენზი და განათლება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი [ფაჩუაშვილი] სინოდისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, სინოდის რამდენიმე წევრს ჰქონდა მოსაზრება, რომ ეს საკითხი სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვეტილიყო, თუმცა წერილის მიხედვით ეს ასე არ მოხდა. 

მაღალი იერარქი აღნიშნავს, რომ სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხოლოდ საკითხებზე კამათის შეწყვეტა გადაწყვიტა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ემორჩილება, თუმცა არ ეთანხმება და სინოდის წევრებს მის არგუმენტებს წერილობით სთავაზობს: 

„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის სხდომის მდივანს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანდრიას, გორისა და ატენის მიტროპოლიტს, წმ. სინოდის წევრებს.  2026 წლის 28 აპრილის წმ. სინოდის სხდომაზე განიხილებოდა საპატრიარქო კანდიდატების საკითხი. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების IV თავის $2-ში აღწერილია მოთხოვნები, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. აქ ნათქვამია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და იგი ასაკით უნდა იყოს არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, მაგრამ არაფერია ნათქვამი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და ასაკის ზუსტ განსაზღვრებაზე - ნიშნავს თუ არა არაუმეტეს 70 წლისა 71 წლის ასაკის შესრულებას, რაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამიტომ, ჩემი და სინოდის ზოგიერთი სხვა წევრების აზრით, ეს საკითხი კენჭისყრით უნდა გადაწყვეტილიყო, რაც არ მოხდა. წმ. სინოდმა ხმათა უმრავლესობით კენჭისყრით გადაწყვიტა ამ საკითხებზე კამათის შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილები, მაგრამ არ ვეთანხმები შემდეგი მიზეზების გამო:

1. ჩემი აზრით, ფორმულირება არაუმეტეს 70 წლისა გულისხმობს 71 წლის ასაკს, ამ მოსაზრებას იზიარებდა წმ. სინოდის რამდენიმე წევრი, რის გამოც ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კენჭისყრით, რაც არ მოხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკის ზედა ზღვრის შეზღუდვა უცხოა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და თვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულისათვის;

2. ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო, როდესაც კანდიდატს გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიკური გამოცდილება და არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო- კვლევით მუშაობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით საერო სასწავლებელისათვის განისაზღვრება, როგორც სრული პროფესორი; ამასთან, როდესაც დიპლომის ფორმალური უქონლობა კანდიდატისათვის დაკავშირებულია იმ ომებში და ეკლესიის აღმშენებლობის პროცესში უშუალო აქტიურ მონაწილეობასთან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ეკლესიამ უახლესი წარსული 35 წლის განმავლობაში გადაიტანა.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს. ვიყენებ რა ამ უფლებას, მოგმართავთ თხოვნით რომ ჩემი მოსაზრება დაერთოს წმინდა სინოდის 2026 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმს. ქრისტესმიერი სიყვარულით, ნიკოლოზი, მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და კარის. 29 აპრილი, 2026 წელი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×