
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ელჩმა კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა.
მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული 160-გვერდიანი დასკვნა ადასტურებს, რომ დემოკრატიის სახელით ცენზურის დაკანონება და ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიმდინარეობს.
დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტში საუბარია ევროპული სტრუქტურების მხრიდან NGO-ების მეშვეობით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში ჩარევასა და სხვადასხვა გავლენის სქემებზე.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშში მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციის ფაქტებია აღწერილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი იყო დაბარებული იმ შეურაცხყოფისათვის, რაც იკადრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ, გამაოგნებელი ის იყო რომ უტიფრად, კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა.
სწორედ ამიტომ, მე დღეს ხელში მიჭირავს რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული 160-გვერდიანი დასკვნა. ეს დოკუმენტი არის პასუხი იმაზე, თუ ვინ ახდენს დემოკრატიის სახელით ცენზურის დაკანონებას და ადამიანის უფლებების იარაღად გამოყენებას.
აქ დეტალურადაა აღწერილი, როგორ ერეოდნენ ევროპული სტრუქტურები NGO-ების მეშვეობით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში, როგორი სქემა მოქმედებდა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რა მასშტაბის სინდიკატთან გვაქვს საქმე.
ანგარიში ამხელს მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმავე სქემებით, რომლებსაც ჩვენ 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვგრძნობთ.
როდესაც, ელჩი დღეს ჩვენს ქვეყანას ადანაშაულებს, მინდა ვკითხო: რა პასუხი აქვს მას თავისივე დასავლელი პარტნიორების, ამერიკელი კონგრესმენების ამ მხილებაზე?
არ ვიცი, ეს დოკუმენტი გამოიყენა თუ არა ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ ჰერჩინსკისთან საუბარში, თუმცა ყველა ჩვენ დაუძინებელ მეგობართან სწორედ ამ დოკუმენტით უნდა დავიწყოთ საუბარი. თუ პარიზსა და ბერლინში ცენზურა და პოლიტიკური ინსინუაცია დესტრუქციულია, თბილისში კონსტრუქციულად როგორ ჩაითვლება?!
ასე რომ - ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან!“ - განაცხადა ქადაგიძემ.