
„არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვოს“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე „TV პირველთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე აუცილებლად სამზე მეტი კანდიდატი იქნება დასახელებული.
„ერთი რამ, რაც მე ვფიქრობ, ალბათ უნდა მოხდეს, არის რომ მეუფე შიოს კანდიდატურა უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ეს წესდებით არის ესე გათვალისწინებული. ოღონდ ესეც არ ვიცით თუ მოაგროვებს საკმარის ხმებს. არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვოს, ჩემი ვარაუდია, რომ მეუფე შიო იქნება ერთ-ერთი კანდიდატი. ვერაფერს ვერ გეტყვით საერთოდ, ჩვენ არასდროს ამის გამოცდილება არ გვქონია, ამ ფარული კენჭისყრის. აი კანდიდატებზე რომ შევთანხმდებით, ვინ არიან კანდიდატები, ეს არ არის ფარული კენჭისყრით, რაღაცა რაოდენობის კანდიდატებს ჩვენ დავასახელებთ ალბათ და ამის შემდეგ ალბათ იქნება... აუცილებლად სამზე მეტი იქნება დასახელებული, ყველა შეიძლება რომ ვიყოთ. წინასწარ ნათქვამს კიდევ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა).
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.