
ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კონფლიქტმა უარყოფითი გავლენა თითქმის ყველა ქვეყანაზე მოახდინა. განსაკუთრებით სავალალოა სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება, რამაც ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია და მისი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა მთელ დედამიწაზე შესამჩნევია. გამწვევის წინაშეა საქართველოსც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ კონფლიქტს მაინც არ მოჰყოლია ის უარყოფითი შედეგი, რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.
როგორც ლარის კურსის, ასევე სავალუტო რეზერვების თვალსაზრისით, ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა, თუმცა ტურიზმი დაზარალდა და ვიზიტორები ოდენობა თითქმის ყველ;ა მიმართულებით შემცირდა.
ირანის ომის გავლენასთან დაკავშირებით საინტერესოა „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვა, სადაც ნათქვამია, რომ ესკალაციიდან ორი თვე უკვე გავიდა და ეკონომიკური გავლენა საქართველოზე იმაზე მსუბუქია, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი. მეტიც, ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების შენარჩუნების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება აღნიშნება.
„ირანის ირგვლივ დაწყებული ესკალაციიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, ეკონომიკაზე გავლენა საქართველოზე იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ჩვენს 4 მარტის მიმოხილვაში ვვარაუდობდით, რომ ხანმოკლე კონფლიქტი მშპ-ს 6%-იან საბაზისო პროგნოზს 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებდა, ხოლო ინფლაციური ეფექტი ზომიერი და დროებითი იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის ესკალაცია ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, შემოსული მონაცემები ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში კვლავ იზრდებოდა. საგადასახადო შემოსავლები და დღგ-ის ბრუნვა, რაც ეკონომიკური აქტივობის რეალური დროში მაჩვენებელს წარმოადგენს, კვლავ სტაბილური დარჩა, ხოლო ლარი მარტის შუა რიცხვებიდან გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ვვარაუდობთ, რომ მარტის მშპ-ის წლიურად 6.0%-ზე მეტით გაიზრდება. იანვარ-თებერვლის 8.4%-იან ზრდასთან ერთად, ჯამურად, ეს ეს პირველი კვარტლის ძლიერი ტენდენციაზე მიუთითებს.
ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის პროგნოზს 6.0%-ის ნიშნულზე, რადგან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ესკალაციას, ჯერჯერობით, შეზღუდული გავლენა ჰქონდა ფართო ეკონომიკურ აქტივობაზე“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
კვლევაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეთანხმება აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, ამ ეტაპზე მართვადია ირანის მოვლენების გავლენა საქართველოზე. ომის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება 0,5-0,8%-ით შემცირდეს, თუმცა ტურისტულ ნაკადზე გავლენა უფრო შესამჩნევი იქნება.
,,ყველაზე მეტი გავლენა საქართველოზეც საწვავის ფასიდან გამომდინარეა. კონფლიქტის შემდეგ სამომხმარებლო ბაზარზე და თითქმის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი საფასო ცვლილება მოხდა. ახლა გააჩნია, რა დოზით და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, სიტუაციაზეა დამოკიდებული. გაძვირებული საწვავი, თავის მხრივ, წარმოებული პროდუქციის ფასს ზრდის, მათ შორის, მომსახურების სფეროში, ეს უკვე სახეზეა. მიგრაციული ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
ლარის გაცვლითი კურსი არ შეცვლილა, დიდი სხვაობა არ არის, ბოლო პერიოდში ცოტათი გამყარდა კიდეც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მართვადია ირანის მოვლენების გავლენა საქართველოზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება შემცირდეს, თუკი კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუმცა კლება, სავარაუდოდ, 1%-ზე ნაკლები იქნება.
ყველაზე შესამჩნევი ტურიზმზე უარყოფითი გავლენაა. ავიარეისები შემცირებულია და აქ მარტო ირანი არ იგულისხმება, ისარაელიდანაც შემცირდა ნაკადი, არაბული ქვეყნებიდანაც. ინფლაციაზეც ველოდები გავლენას, რაც შეეხება ინვესტიციებს, ირანი ამ მხრივ დიდ როლს არ ასრულებს, მაგრამ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ჯაჭვური რეაქციის გავლენა მაინც მოსალოდნელია, განსაკუთრებით კონფლიქტში ჩართული ქვეყნებიდან", - აღნიშნა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ომის გავლენა საქართველოზე ჯერჯერობით მინიმალურია, თუმცა თუკი კონფლიქტი გახანგრძლივდება, სამომხმარებლო საქონლის ფასების მხრივ არასტაბილურობაა მოსალოდნელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ ისაუბრა.
"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა უარყოფით გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და ეს პროცესები სწრაფად აღწევს საქართველომდე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირდაპირ არ არის ჩართული კონფლიქტში, მისი ეკონომიკა, როგორც იმპორტზე დამოკიდებული სისტემა, განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარე შოკის მიმართ. არ მაქვს იმედი, რომ კონფლიქტი მალე დამთავრდება, მაგრამ საქართველოს ეკონომიკაზე დიდ ნეგატიურ გავლენას გამოვრიცხავ.
რაც შეეხება ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს, ცნობილია, რომ იმპორტი დიდია და შესაძლოა, ამ მხრივ პრობლემა გაჩნდეს. რაც არ უნდა იყოს, ჩანაცვლება შესაძლებელია. ოქროს გაძვირება ქართულ ბაზარზე დიდად არ იმოქმედებს, საწვავს ისედაც ზედმეტად მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებულ მატებას აღარ ველი, თუ ნახტომისებური ცვლილება არ იქნება. საბოლოოდ ყველაფერი კონფლიქტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.
საინტერესოა "გალტ ენდ თაგარტის" კიდევ ერთი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვის შევსებას გააგრძელებს და 2026 წლის ბოლოს მისი მოცულობა 7 მლრდ დოლარს მიაღწევს. 2026 წლის მარტში საერთაშორისო რეზერვი წლიურად 46.5%-ით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.