
მთიულეთში, სოფელ გვიდაქეში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი ბუჩუკური. ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა.
კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. 47 წლის გიორგი ბუჩუკური, ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა და მშობლიურ კუთხეში დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა და სწორედ იქ დატრიალდა ეს უმძიმესი ტრაგედია.
“სოფელ გვიდაქეში არის წმინდა გიორგის ქაშვეთის საყდარი, ქაშვეთობას იკრიბებიან ადგილობრივები, მთელმა მთიულეთმა იცის ეს დღესასწაული რომ აღინიშნება და სხვებიც მოდიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად ჩვენი გვარის წარმომადგენლები, ბუჩუკურები. იქ არის ჩვენი საგვარეულოს სალოცავები. ხატობა და ქაშვეთობა აღინიშნება კვირაცხოვლობის მომდევნო შაბათ-კვირას. გვიდაქე არის მეწყერსაშიში სოფელი, ამიტომ დატოვა სოფელი მოსახლეობამ, ეკომიგრანტები არიან, ამ დღესასწაულზე ისინი ამოდიან სალოცავში და იკრიბებიან გვარის წარმომადგენლები ქალები და კაცებიც. ასევე ცალკე არის კაცების სალოცავიც, სადაც მარტო მამაკაცები იკრიბებიან. მერე სუფრა იშლება და აღნიშნავენ ერთად ადგილობრივები ამ დღეს. სწორედ ეს დღე აღინიშნებოდა, იქ ყოფილა ჩამოსული გიორგი ბუჩუკური და მისი ძმაც, რომელიც ასევე დაჭრილია.
ვიცით ის, რომ კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ადრე ნასამართლევი ყოფილა, თურმე სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ურევდა სიტუაციას და ამიტომ მისთვის გიორგის შენიშვნა მიუცია. გიორგი ყოფილა სუფრის თამადა. ეტყობა ეს შენიშვნა არ მიიღო და იუკადრისა მან, იქვე უთქვამს, როგორ მაკადრე შენიშვნაო. იმასაც ამბობენ, მერე მას დაურეკავს ვიღაცეებთანო. სხვებიც მოუყვანია, ჩასაფრება მოუწო და მოხდა ეს მძიმე ფაქტი. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სოფლის თავში სადღაც დააგდო თურმე მოკლულის ცხედარი დამნაშავემ, მას თურმე დიდხანს ეძებდნენ და გვიან იპოვეს მოკლული. ეტყობა იქ მყოფებიდან ვიღაცამ მოახერხა 112-ში დარეკვა, მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. თურმე დიდხანს ეძებდნენ გიორგის, დაჭრილია გიორგის ძმაც, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. კიდევ სხვებიც არიან დაჭრილები...
ყველა განიცდის მომხდარს, ვინც მას იცნობდა. ძმები ბუჩუკურები სამხედროები არიან, წლებია ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, კიდევ ჰყავთ ერთი ძმა, პოლკოვნიკია. თვითონ გიორგი ავღანეთის მისიაშიც ნამყოფი ბიჭი იყო. ძალიან კაცთმოყვარე და კარგი ადამიანი. ყველას ეხმარებოდა როგორც შეეძლოო. თვითონ რუსთავში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერთი შვილი დარჩა.
სამხედროები იყვნენ ძმები, ფიზიკურადაც მომზადებულები და ეტყობა ამიტომ მოუწყო დამნაშავემ მათ ჩასაფრება. ამბობენ, რომ ვიღაცეები დასახმარებლად მოყვანილი ჰყავდაო. ყველაფერი გაირკვევა, გამოძიება მიდის. დღეს დილას გიორგის მეგობრები ჩამოსულან და სამხედროებს წაუსვენებიათ გიორგის ცხედარი.
დაჭრილია გიორგის ძმა, მას ყბის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული ხადას ხეობიდან ყოფილა, ხადიდან გადასახლებულები ყოფილან სოფელ არაგვისპირში. ახლა მიდის ყველას დაკითხვა, ვინც იმ სუფრაზე იყო და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
წყარო: კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე