ნატალია ჯვარიძე
25.04.2026

24 აპრილს, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, თბილისში ტრადიციული აქცია არ გაიმართა და ეს ბოლო 20 წელიწადში პირველი შემთხვევაა. სომხურმა სათვისტომომ თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის თხოვნაზე ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

როგორც სათვისტომოს გამგების წევრი ჟანეტა ბაღდასარიანი ამბობს, აქციის გამართვის სურვილის შესახებ ვადების დაცვით წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტსა და შსს-ს. მისივე ცნობით, უარის ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იყო „კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომლის მიხედვითაც აქციამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ აქციის გამართვის ადგილის მიმდებარედ.

ბაღდასარიანის ინფორმაციით, შსს-მ მათ აქციის სხვა ადგილას გამართვა შესთავაზა, მაგრამ ეს უკვე სათვისტომოსათვის იყო მიუღებელი. შედეგად, ბოლო წლებში პირველად, 24 ეპრილს თბილისში სომეხთა გენოციდის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით აქცია არ ჩატარდა.

  • სომხური სათვისტომო: „ეს ზღუდავს ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობას, ჩავატაროთ ის ტრადიციად ქცეული მნიშვნელოვანი სამახსოვრო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და რომელიც ყოველწლიურად ტარება თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე."

მოგვიანებით სომხურმა სათვისტომომ ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„რასაკვირველია, ეს ზღუდავს ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობას, ჩავატაროთ ის ტრადიციად ქცეული მნიშვნელოვანი სამახსოვრო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და რომელიც ყოველწლიურად ტარება თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

„აღნიშნული დღე ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების სიმბოლოა, არამედ ღირსებისა და სამართლიანობის დაცვის მშვიდობიანი გამოხატულება. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ პატივს ვაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ამავდროულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ისტორიული სიმართლის აღიარების აუცილებლობის შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით არის დაცული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ სახელმწიფოში თითოეულ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად და ღირსეულად გამოხატოს საკუთარი ისტორიული მეხსიერება და სამოქალაქო პოზიცია.

„ჩვენ განვსჯით საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის უფლებაა კანონიერად ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება მშვიდობიან, ორგანიზებულ და ღირსეულ გარემოში.

  • მამუკა არეშიძე: „მგონია, რომ გამოსავლის ნახვა შესაძლებელი იყო, რადგან ამ დღის არაღნიშნვა არ შეიძლება."

„გვჯერა, რომ ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ის საფუძველი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოებას", - წერია სათვისტომოს განცხადებაში.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ „ოცნებას" არ სურს თურქეთთან ურთიერთობების გამწვავება და სწორედ ამიტომ არ მისცეს ღონისძიების ჩატარების უფლება. მისივე აზრით, ეს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება, თუმცა ამ თემის იგნორირება არ შეიძლებოდა.

„ეტყობა იმ სენსიტიური მდგომარეობის გამო, რაც რეგიონში ხდება, არ მისცეს ნება აღენიშნათ ეს დღე. სავარაუდოდ, არ უნდოდათ, რომ თურქეთთან ურთიერთობა გაემწვავებინათ, ეს აქციის მონაწილეები ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან. თან სომხეთში მართალია არააქტიურად, მაგრამ მაინც გარკვეულწილად მიდის ამ გენოციდის გადახედვა. სომხური ხელისუფლება ცდილობს, რომ ამაზე მაინც და მაინც ყურადღება არ გაამახვილოს.

„რაღაც ახალი მიდგომაა ამ თემის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ მომხდარა. ეს ნამდვილად ასე იყო, თუმცა, როგორც დღევანდელი ისტორიკოსები ძალიან დელიკატურად ამბობენ, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ფაქტობრივად, მსოფლიოში გაჩნდა სხვადასხვა რანგის ისტორიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სომხების რევოლუციურმა აქტივობამ მათზე თავდასხმა განაპირობა. რამდენად გამართლებულია, ეს მეორე საკითხია, რაც ჩემთვის ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამ თემის მიმართ მიდგომები შეიცვალა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამაც ივარაუდა, რომ ეს თურქეთთან ურთიერთობას გაამწვავდებდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა რეგიონში სიტუაცია არეულია. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ეს არ იმოქმედებს, თუმცა ადგილობრივ სომხებს ეს რომ არ მოეწონებათ. მე მგონია, რომ გამოსავლის ნახვა შესაძლებელი იყო, რადგან ამ დღის არაღნიშნვა არ შეიძლება. მაგალითად, ჩატარებულიყო ღონისძიება და ამ დღისთვის მიეძღვნათ. ქუჩაში აქცია არ ყოფილიყო, მაგრამ დარბაზში გამართულიყო. როგორც ვთქვი, ამ დღის იგნორირება არ შეიძლებოდა, თუმცა ჩატარების ფორმის შეცვლა - კი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×