
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდა და „ჰეზბოლა“ ზავის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
„მე დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს, როგორც ეკონომიკურად, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ.
იგივე ეხება ლიბანსაც. ჩვენ დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ჩვენ ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.