
ოპოზიციური მედიის მანიპულაცია: ტელეკომპანია „ტვ პირველი“ BPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს 2025 წელს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რომელთაგან 60% რუსეთის მოქალაქეა.
სტატისტიკური მაჩვენებლის მიღმა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ოპოზიციური მედია არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე, შენარჩუნებასა და საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან/და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ უკვე შეუწყდათ ან ჯერ არ შეწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა.
სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ან ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, სხვადასხვა დროს, პოლიტიკური მოსაზრების ან სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ემიგრაციაში წასულ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქე და სურთ, შეინარჩუნონ საქართველოსთან კავშირი. მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის ჩაბარებამდე, ისინი ვალდებულნი არიან ტესტირება გაიარონ სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართალში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს სწორედ საგამონაკლისო წესით მიენიჭა მოქალაქეობა 776 პირს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი 2024 წელთან შედარებით, 459-ით ნაკლებია - საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს რუსეთის ფედერაციის 1235 მოქალაქეს მიენიჭა.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რამდენიმე გზა არსებობს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება: პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, კანონიერ საფუძველზე უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბოლო 5 წლის განმავლობაში); მას წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
საქართველოში უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი ან/და უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობდეს წილს ან აქციებს.
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება: ამ გზით მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ წარმატებით აქვს გავლილი ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება: საქართველოს მოქალაქეობა პირს შეიძლება მიენიჭოს აღდგენის წესით იმ შემთხვევაში, თუ მას ის შეუწყდა: მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; არამართლზომიერად; მშობელთა არჩევანის შედეგად.
საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება: ამ წესით მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით, თუ დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:
ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი,
ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
იმედინიუსი