რეზონანსი
24.04.2026

შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაჩუმებას არ აპირებს, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს“.

„უნდა გაჩუმდეს, რა. შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.

მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ. რამე თუ არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“. 23 აპრილს კი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×