
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და new your times-ს და CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ მედიებმა საზოგადოების ნდობა დაკარგეს.
"იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომელთა რაოდენობა ახლა ისე მცირეა, როგორც არასდროს, ადამიანები ვინც კითხულობენ წარუმატებელ New York Times-ს ან უყურებენ ცრუ CNN-ს და ჰგონიათ, რომ მე "მოწადინებული" ვარ ირანთან ომის დასრულებისთვის, იცოდეთ, რომ მე, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად ვარ ზეწოლის ქვეშ მათ შორის, ვინც კი ოდესმე ამ პოზიციაზე ყოფილა. მე მაქვს მთელი დრო მსოფლიოში, ირანს კი - არა. საათი იწიკწიკებს!
მიზეზი, რის გამოც მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს ასეთი ცუდი მაჩვენებლები აქვს გამომწერებისა და მაყურებლების მხრივ, არის ის, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა".
აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც ეხმაურება და წერს, რომ ირანთან შეთანხმება მხოლოდ მაშინ დაიდება, როცა ეს გადაწყვეტილება "მომგებიანი იქნება".
"ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ფსკერზეა, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საზენიტო და სარადარო შეიარაღება გამქრალია, მათი ლიდერები აღარ არიან ჩვენთან, ბლოკადა დახურული და მტკიცეა, აქედან კი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება - დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს! შეთანხმება მხოლოდ მაშინ დაიდება, როცა ეს იქნება შესაბამისი და მომგებიანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და, ფაქტობრივად, დანარჩენი მსოფლიოსთვის," - წერს დონალდ ტრამპი.