
პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია - ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს - ის, რასაც კობახიძე იძახის, მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია უკვე 2 წელზე მეტია, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია და „თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ რამე წინ წავიდეს“.
დათუნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყველა ნაბიჯზე იტყუება.
„კობახიძე ჩამოყალიბდა იაფფასიან შულერად, რომელიც აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე იტყუება. სამი ჭიქის კომბინაციას რომ აკეთებენ მეტროსადგურებთან, მაგ კაცად ჩამოყალიბდა. ჩემი ინფორმაციით, ჩინელებზე არაფრის გაგრძელებას არ აპირებენ. საერთოდ, ამ ქვეყანაში, არც ერთი საინვესტიციო პროექტის გრძელვადიანად გაგრძელებას არ აპირებენ. ჩინური კომპანიები ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გადიან. მარტო ის რად ღირს, რომ ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია უკვე 2 წელზე მეტია, ამ ტენდერში გამარჯვებულია და თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ ანაკლიაში რამე შეიცვალოს და რამე წინ წავიდეს. ახლა ვიგებთ ინფორმაციას, რომ პირობები, რომელსაც ჩინური მხარე ითხოვს, არის უბრალოდ კაბალური, განსხვავებით ანაკლიის კონსორციუმის პირობებისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად, ტვირთბრუნვის გარანტიის ნახევარზე ნაკლებს ითხოვდა. ახლა ჩინურ კომპანიას უნდა გარანტიები, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ოფციონი ქართული წილის გაყიდვაზე. ანუ, ჩინურ კომპანიას, უბრალოდ, უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ნულოვანი მოგება ნახოს იმ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან, რომელიც ჩინელების საკუთრებაში იქნება იმ ტერიტორიაზე. რეალობა არის ეს და ის, რასაც კობახიძე იძახის, არის მტკნარი სიცრუე,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.