რეზონანსი
23.04.2026

კრასნოდარის მხარის ხელისუფლების მიერ შექმნილ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ტუაფსეს ტერმინალზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. შედეგად ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ატმოსფეროში ვრცელდება ნამწვი, რომელიც 22 აპრილს მოსულ წვიმას მოჰყვებოდა, შედეგად სხვადასხვა ზედაპირზე გაჩნდა შავი საფარი.

„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, 21 აპრილის საღამოს ქალაქის ზოგიერთ მიკრორაიონში ბენზოლის, ქსილენისა და ჭვარტლის კონცენტრაცია დასაშვებ დონეზე მაღალია. ქალაქის მცხოვრებლების ნაწილს ურჩევენ, გარეთ ყოფნის დრო შეზღუდონ, დაკეტილი ჰქონდეთ ფანჯრები, უფრო ხშირად ჩაატარონ ბინაში სველი წმენდა, ხოლო ქალაქში საჭიროების შემთხვევაში პირბადე ატარონ. ასევე, რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების ნაცვლად სათვალის ტარება, ცხვირის, ყელისა და თვალების წყლით ხშირი დაბანა. ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიგარეტის მოწევას მოერიდონ.

ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, როდესაც ხანძრის ჩაქრობა მოხერხდება.

როგორც რუსული მედია და ტელეგრამ არხები იუწყება, უკრაინა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის საზღვაო ტერმინალსაც მოიცავს, თავს 20 აპრილს დაესხა. შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ქალაქში მოვიდა ე.წ. ნავთობის წვიმა.

ეკოლოგები აცხადებენ, რომ მომხდარი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გარემოს, რომელთან გამკლავებაც ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ჭვარტლი და ნამწვი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×