
ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ბრიუსელში გაკეთებული განცხადების გამო, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში ღია მუქარა იყო საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ამ შეფასებას ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს. მეორე ნაწილი კი საქართველოში ირანის ელჩის ცნობილ განცხადებასთან ავლებს პარალელს, სადაც, მათი შეფასებით, საქართველოს მიმართ მუქარა აშკარა იყო, თუმცა ამის მიმართ „ქართულ ოცნებაში" პროტესტი არ გასჩენიათ.
ჰერჩინსკის დაბარებაზე პირველი განცხადება დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
„ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმეა. თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად, ვიღაცები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე. დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.
- პაველ ჰერჩინსკი: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში."
„პირველი, რაც უნდა უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას. საქართველოს არ გადაუხვევია, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სუვერენული. თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და მის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს. ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესს", - აღნიშნავს კალაძე.
მანამდე პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში" გაიხსნა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს".
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.
„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პოლიტიკური განცხადებები
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ელჩის დაბარება მიზანშეწონილია.
„ელჩი რას ამბობს: უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი - და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე - სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. ემუქრება ხალხს. მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა და რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი", - განაცხადა კობახიძემ.
„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს".
- გრიგოლ გეგელია: „(კობახიძეს) ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით".
„დღეს, თუ ვინმე ემუქრება საქართველოს დაპირისპირებით და გაღარიბებით, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კობახიძე და მისი ადმინისტრაცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები დაეპირისპირებინა ერთმანეთთან და დაეთესა შუღლი. გაეღარიბებინა ჩვენი ერი და არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ერის პოტენციალი და ევროპული მისწრაფება განხორციელდეს. ამიტომაც მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს სარკეში და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით; დაიბაროს უნგრეთის ელჩი და მას გამოჰკითხოს, რუსეთის ჯაშუში რომ მუშაობდა უნგრულ დიპლომატიურ სამსახურში, როგორ მოხდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში აქ იყო და ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი; ამ დროის განმავლობაში ასევე მსტოვრობდა თუ არა ასევე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.
- ალექსანდრე რაქვიაშვილი: „იმდენად არაადეკვატური განცხადება გააკეთა საბოლოო ჯამში, რომ შეიძლება, შეეშალა რაღაც, ან შეიძლება, აცდა ჩვენს პოლიტიკურ რეალობას."
„ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე არცერთ ჯერზე არ იბარებს არცერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა დაუსვას კონკრეტული კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით. სამაგიეროდ, ყველა ჩვენ მეგობარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, რაქვიაშვილის შეფასებით, ჰერჩინსკიმ აზრი ვერ ჩამოაყალიბა სწორად და საბოლოო ჯამში, არაადეკვატური განცხადება გააკეთა.
„გამოდის, ის, ფაქტობრივად, გვაშინებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით, რაც ცოტა სასაცილოდ გამოიყურება და ჰერჩინსკიმ უბრალოდ აზრი ვერ ჩამოაყალიბა სწორად. შევარდნაძის, ან მიხეილ სააკაშვილის დასაწყის პერიოდს შეიძლება გულისხმობდეს, მაგრამ მგონი, უბრალოდ არასწორად ჩამოაყალიბა აზრი.
„იმდენად არაადეკვატური განცხადება გააკეთა საბოლოო ჯამში, რომ შეიძლება, შეეშალა რაღაც, ან შეიძლება, აცდა ჩვენს პოლიტიკურ რეალობას. მოგეხსენებათ, ბოლო დროს პოლიტიკა სპეციფიკურია საქართველოში და ძალიან ხშირად ელჩებს არ ესმით ხოლმე, აქ რა ხდება. შეიძლება, მასაც არ ესმის, რა ხდება ქვეყანაში. ზოგადად, ჩვენ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი, შედარებაც არ არის საჭირო. ჩვენ არასდროს ვიყავით დემოკრატიის შუქურა, მაშინაც კი, როდესაც ამას გვეძახოდნენ. ამიტომ აქ არაფერი ტრაგიკული არ არის, უბრალოდ, გააჩნია, რას იგულისხმებს ჰერჩინსკი. განცხადება იმდენად ცოტა უსამართლოდ გამოიყურება, რომ შეიძლება, ყველაფერს გულისხმობდეს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ალბათობა 50/50-ზეა..."
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ალბათობა 50/50-ზეა.
„კალაძემ საკუთარი აზრი გამოთქვა ელჩის დაბარებაზე. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია, რომელიც ჯერ მიღებული არ არის. შესაძლოა არც დაიბარონ. თუმცა, თუ ასე მოხდა, ჰერჩინსკი ალბათ, იტყვის, რომ ბნელ წარსულში იგულისხმა 90-იანი წლები, როცა ჩვენთან სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება იყო, ქვეყანა ჯერ კიდევ ომის ჭრილობებიდან გამოსული არ იყო. ანუ ის პერიოდი, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჰერჩინსკის განცხადება ბევრმა ასე გაიგო.
„თუმცა, დიპლომატი როცა ხარ, უფრო მოზომილი უნდა იყო შენს განცხადებებში, რადგან „ბნელი წარსული" საზოგადოებამ არაერთგვაროვნად აღიქვა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვები.
„დაიბარებენ, თუ არა შანსი 50/50-ზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაიბარონ და მოსთხოვონ პასუხი, თუ რას გულისხმობდა.
„ჰერჩინსკის ელჩობის პერიოდი სავსეა მცირე, საშუალო თუ დიდი სკანდალებით. ის ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც დიპლომატიურ პროტოკოლსა და ეტიკეტს სცდება. ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა. ამიტომაც, ვფიქრობ, მისი ელჩობა საქართველოში, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლის, მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი. ჩემი აზრით, მას საშუალებას მისცემენ ჩაამთავროს თავისი ვადა, როცა ამოიწურება მისი მისიის არც თუ ისე სახარბიელო ისტორია დიპლომატიურ კარიერაში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".