
ეს არის მუქარა - ევროკავშირი გვეუბნება: „თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ, შეგვიძლია ჩვენ ცუდი გაგიკეთოთ თქვენ“ - როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა, როდესაც ასეთ გზავნილს გიგზავნის შენ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩისნკის განცხადებაში იკვეთება „მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, ბატონ ჰერჩინსკის და ალბათ, არა მარტო მას, საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“.
„წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი, ქვეყანას ეუბნება, რომ შენ გაქვს არჩევანი: ან ევროკავშირი, ან ბნელეთში დაბრუნება. ანუ რას ეუბნები, რომ აქ ისეთი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ჩამოიქცევა და შენ იმ ბნელეთში აღმოჩნდები, რა ბნელეთშიც ალბათ, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ სამოქალაქო თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებულ დაპირისპირებების და ომებს [პერიოდში იყო საქართველო]. ეს ელჩის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ხედვის გაბანკროტებაა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას - ძალიან კარგი იქნება თუ ცოტა საკუთარ თავთანაც იქნებიან კრიტიკული დამოკიდებულებით. პოზიტივი დაინახონ საკუთარ ქმედებაშიც საქართველოსთან მიმართებაში და არა ულტიმატუმით და ნეგატივით საუბარი.
როდესაც საუბრობენ დემოკრატიაზე, მათ საქართველოს დემოკრატიული შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად ყველაზე კარგი საშუალება ჰქონდათ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა ანტიდემოკრატიული და ანტიდიპლომატიური საქმიანობაც გასწიეს, მაგრამ გააგრძელეს უარესით - როდესაც საქართველოს პარლამენტის დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი. აქედან გამომდინარე, ის მიზანი, რა მიზანზეც ის ლაპარაკობს, მათივე პოლიტიკური თუ სხვა ქმედებით არის ტორპედირებული.
ეს არის მუქარა. ევროკავშირი გვეუბნება: „თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ, შეგვიძლია ჩვენ ცუდი გაგიკეთოთ თქვენ“, ახლა როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა, როდესაც ასეთ გზავნილს გიგზავნის შენ?“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.