
აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ სავალო კრიზისისთვის მოემზადოს. ჰენრი პოლსონის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 39 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც ფინანსურ სისტემას უკიდურესად არამდგრადს ხდის. ეკონომიკური შედეგები კი იმაზე ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია, რადგან აშშ-ის მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი, დომინოს პრინციპით გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც.
სიტუაცია საგანგაშოა. მეტიც, როგორც ანალიტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, ეს იქნება მსოფლიო ფინანსური ცუნამი. აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ინფორმირებული პიროვნებაა და მან ყველაზე უკეთ იცის, რასაც ამბობს.
„ფაქტია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი დიდი ხანია ზღვარს გასცდა და ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მეტიც, შეიძლება, აშშ-ის ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთივე კატასტროფის წინაშე, როგორც 1986 წლის 19 ოქტომბერს მოხდა, როდესაც დოუ-ჯონსის ინდექსი დაეცა 25 000 ერთეულით, ერთბაშად. თუმცა, მაშინ ამერიკის ეკონომიკა ჯერ კიდევ რეალური ეკონომიკა იყო და ამ კრიზისის დაძლევის რეზერვიც ჰქონდა. რამდენად აქვს დაძლევის რესურსი, ამ მოცემულობაში, ამ პირობებში, თანაც სისტემური ცვლილების გარეშე, ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გამოსავალი არის რეალური ეკონომიკის განვითარება, ანუ 1940-იანი და 1950-იანი წლების ამერიკის დაბრუნება, როდესაც ხალხი ჩარხებთან და დაზგებთან მუშაობდა, როდესაც „ყარყატის უფლებათა დამცველები“ და ასეთი უცნაური პროფესიების ხალხი დიდ პატივში არ იყვნენ. მას შემდეგ, რაც აშშ-დან დაიწყო სამრეწველო სიმძლავრეების გადინება (1979 წლიდან) დაზგებთან და ჩარხებთან მომუშავე ხალხი გაიფანტა. ამდენად, ამერიკას უმწვავესი საკადრო დეფიციტი ექნება, თუ დაიწყებს რეალური ეკონომიკის განვითარებას“, - განუცხადა „რეზონანსს“კაპანაძემ.
აშშ-ს რეალური ეკონომიკის განვითარება არც ისე მარტივი იქნება. მიზეზი კი ფინანსურ სისტემაშია, რომელიც ნოდარ კაპანაძის თქმით, ისეა მომართული, რომ ნებისმიერი სახსრები, რომლის განაწილებაც ბანკების საშუალებით დაიწყება, წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით აღმოჩნდება ფინანსური „სპეკულანტების“ ხელში.
„როგორც კი ეს რესურსი ფინანსურ ბაზრებზე აღმოჩნდება, არასდროს მივა ისეთი „მოსაწყენი“ დარგების დასაფინანსებლად, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ჩარხების წარმოება. სხვათა შორის, ეს ჩვენთანაც ასეა, ზოგადად, საბანკო სექტორი არის ეკონომიკის „კიბო“, რომელიც ახლა უკვე მეოთხე სტადიაში და თერაპიას აღარ ექვემდებარება. თუ ძალიან გაინტერესებთ, ამას სჭირდება სტალინის ინდუსტრიალიზაცია, დიახ, მე-20 საუკუნის 1930-იანი წლებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ინდუსტრიალიზაცია. ეს არის ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, მაგრამ ამის გაკეთება ტოტალური ცვლილებების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. სისტემური ცვლილებების სურვილს კი ამერიკული პოლიტიკური კლანი, ჯერჯერობით, არ ამჟღავნებს“, - აღნიშნა რეზონანსთან" ნოდარ კაპანაძემ.
აშშ-ის ხაზინის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება წინასწარ მომზადებული მოკლევადიანი სამოქმედო მექანიზმი, რომელიც მზად იქნება იმ მომენტისთვის, როდესაც ეკონომიკა „კედელს შეეჯახება“. ჰენრი პოლსონის განმარტებით, დღევანდელი ვითარება 2008 წლისგან ფუნდამენტურად განსხვავდება, რადგან მაშინ მთავრობას ფისკალური რესურსი კრიზისის სამართავად ჯერ კიდევ ჰქონდა. სახელმწიფო ვალის კრიზისის შემთხვევაში კი, ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ხელისუფლება რეაგირებისთვის იყენებს, თავად ხდება პრობლემის ნაწილი. როდესაც ინვესტორები სახელმწიფო ობლიგაციების სანაცვლოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ითხოვენ, იზრდება ვალის მომსახურების ხარჯები, რაც დეფიციტს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული მოჯადოებული წრე ინვესტორებში ნერვიულობას ამძაფრებს, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტად ზრდის.
„რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ახლა სწორედ ამ „მოჯადოებული წრიდან“ გამოსვლა არის უმთავრესი ამოცანა.
„უკვე არსებული ვალი კიდევ ახალ ვალს იწვევს, პრობლემის მოგვარების რეზერვები კი თანდათან იწურება და ეს სრულიად ბუნებრივია. თუ ამ კრიზისის ეკონომიკური ფუნდამენტი არ მოგვარდება, სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან ეს არ არის კრიზისი, რომელიც კოსმეტიკური ღონისძიებებით მოგვარდება. სიტუაცია უმწვავესია და ტერმინალურ სტადიაშია შესული, ეს იმას ჰგავს, განგრენას „პარაცეტამოლით“ უმკურნალოთ“, - განაცხადა კაპანაძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს და სიტუაციას არც ისე საგანგაშოდ მიიჩნევს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. ისიც ადასტურებს რომ მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ არც ისეთი კატასტროფაა, როგორსაც აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ხატავს.
„დიახ, ამერიკას უზარმაზარი ვალი აქვს, მაგრამ ის ერთადერთი გიგანტური სახელმწიფო არ არის, რომელსაც ამხელა სახელმწიფო ვალი აქვს. ჩინეთსაც უზარმაზარი ვალი აქვს. თანაც ჩინეთის ეკონომიკა ისე გადაჯაჭვული ამერიკაზე, რომ თუ დავუშვათ, ტრამპი სრულად აკრძალავს ჩინური საქონლის იმპორტს აშშ-ში, მეორე დღესვე დაინგრევა მთელი ჩინეთი. ეს იმიტომ, რომ ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის 50-55% მიდის ამერიკაში, აშშ ძირითადი ფინანსური დონორია ჩინეთის. სინამდვილეში, დღეს არის არა მესამე მსოფლიო ომი, არამედ პირველი. იდეოლოგიებს შორის ომია, როდესაც მემარცხენეები ეჯახებიან კონსერვატიულ იდეოლოგიას. მემარცხენე დროშების ქვეშ არიან დარაზმულები ევროპა, ირანი, ჩინეთი და რუსეთი“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.
მისი თქმით, ტრამპი სწორედ ამ მემარცხენე ალიანსის იდეოლოგიას დაუპირისპირდა და ნელ-ნელა ისე გაიმაგრა ზურგი, რომ ახლა ასე ადვილად ვეღარ დაამარცხებენ.
„დიახ, ვერ დაამარცხებენ, რადგან მთელი ეს მემარცხენე ნაგავი ენერგეტიკის გარეშე დატოვა. ჯერ წაართვა პანამის სრუტე, შემდეგ ვენესუელას - ნავთობი, ახლა ართმევს ირანის ნავთობს. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთი, რომ თითქმის ვეღარ ყიდის ნავთობს, რადგან პორტების ნაწილი უკრაინამ აუფეთქა, ნაწილი - დასანქცირებულია. ჰორმუზის სრუტე უკვე ბლოკირებულია. რა ინფორმაციაც არ გავრცელებულა, აშშ-მ მაროკოსთან დადო ხელშეკრულება და გიბრალტარის სრუტესაც აკონტროლებს...
მოკლედ, მემარცხენე ალიანსი ტრამპმა კომატოზურ მდგომარეობაში ჩააგდო და ახლა აღარ იციან, რა გააკეთონ, რადგან ნებისმიერი სვლა მათსავე მდგომარეობას აუარესებს. სწორედ ამიტომ იგონებენ ინფორმაციას ფინანსური კოლაფსის შესახებ, რომ ხალხი, ვინც ვერ ერკვევა ასეთ რთულ სიტუაციაში, გააგიჟონ და არეულობა გამოიწვიონ“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.
მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, ჰენრი პოლსონი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუკი პოლიტიკური ნება იარსებებს. მისი ხედვით, დეფიციტის შესამცირებლად აუცილებელია სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების რეფორმირება.