მარიამ ვეკუა
22.04.2026

ისრაელის არმიის ორ ჯარისკაცს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა: ერთს - იესოს ქანდაკების ჩაქუჩით დაზიანების გამო, მეორეს კი ამ ფაქტის გადაღებისთვის.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოკვლევის შემდეგ ორივე ჯარისკაცი, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, საბრძოლო მოვალეობის შესრულებას ჩამოშორდება. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ცალკე განიხილება იმ ექვსი სამხედროს საკითხიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ფაქტის აღსაკვეთად ან შესატყობინებლად არაფერი მოუმოქმედებიათ.

სამხრეთ ლიბანის სოფელ დებელში მომხდარ ინციდენტს, შესაბამისი ფოტოსურათის გავრცელების შემდეგ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მომხდარით „გაოგნებული და დამწუხრებულია".

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის არმიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკვლევის შედეგად „დადასტურდა ჯარისკაცთა ქმედებების სრული აცდენა თავდაცვის ძალების ბრძანებებსა და ღირებულებებთან", და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

  • ადგილობრივების თქმით, ქანდაკება განთავსებული იყო ჯვარცმაზე, რომელიც სოფელ დებელის განაპირას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ იდგა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, „ადგილობრივ თემთან სრული კოორდინაციით", დაზიანებული ქანდაკება ახლით ჩაანაცვლეს.

უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ოპერაციები ლიბანში მხოლოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლასა" და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ არის მიმართული.

ადგილობრივების თქმით, ქანდაკება განთავსებული იყო ჯვარცმაზე, რომელიც სოფელ დებელის განაპირას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ იდგა. დებელი იმ მცირე დასახლებათა შორისაა, რომელიც მოსახლეობამ ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის მიმდინარე ომის მიუხედავად არ დატოვა.

სოფელ დებელის მრევლის წინამძღოლმა, მამა ფადი ფლაიფელმა, მომხდარის შემდეგ ბი-ბი-სისთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ჯვრის, ჩვენი წმინდა სიმბოლოს და ნებისმიერი სხვა რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფას. ეს ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ცივილიზებულობას მოკლებულია". მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ისრაელის სამხედროების მხრიდან ადრეც მომხდარა.

ინციდენტი დაგმო ისრაელის უმთავრესი მოკავშირის, აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ. ორშაბათს მან ამ ფაქტს „აღმაშფოთებელი აქტი" უწოდა და დამნაშავეების მიმართ „სწრაფი, მკაცრი და საჯარო ზომების" გატარება მოითხოვა.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოთქვა მომხდარისა და იმ „ტკივილის გამო, რომელიც ამ ფაქტმა ლიბანში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მორწმუნეებს მიაყენა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×