მარიამ ვეკუა
22.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ორი რეზონანსული საქმის განხილვა გაიმართა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ალეკო ელისაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ის პატიმრობაში დატოვა, ხოლო სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ალეკო ელისაშვილიპროცესზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ძალაში დატოვება იშუამდგომლა. დაცვის მხარემ კი პატიმრობის საერთოდ გაუქმების ან გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ, მოსამართლე ბრალდების მხარეს დაეთანხმა და ელისაშვილი კვლავ ციხეში დარჩა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ბრალდებული წარმოაჩინა ისე, რომ გეგონება მსოფლიოში პირველი ტერორისტია, ბრიფინგები მიუძღვნეს, რის შემდეგაც მას ტერორიზმის ბრალდება წარუდგინეს. მე ვერ წარმომიდგენია ის ფაქტი, რომ გენერალურ პროკურატურაში და შსს-ში არ იყო იურისტი, რომელიც ვერ მიხვდა, რომ ეს არ იყო ტერორიზმი თუ ტერორიზმის მცდელობა და ამ დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა უკარნახოს და უდირიჟოროს შსს-ს და პროკურატურას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. საზოგადოება და სასამართლო დაინახავს, რომ მას არ აკმარეს ერთი საქმე და მეორე საქმეზე წარუდგინეს ბრალი," - განაცხადა ელისაშვილის ადვოკატმა.

 

  • ელისაშვილის ადვოკატი: „პარლამენტის თავმჯდომარემ ბრალდებული წარმოაჩინა ისე, რომ გეგონება მსოფლიოში პირველი ტერორისტია, ბრიფინგები მიუძღვნეს, რის შემდეგაც მას ტერორიზმის ბრალდება წარუდგინეს"

მანამდე ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა თქვა, რომ ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალეულობები ურთიერთგამომრიცხავია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხანძარს სასამართლოში ფიზიკურად ვერ გააჩენდა.

თუმცა, მეორე მხარეს არის სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებები, კადრები სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ შედის ელისაშვილი საქალქო სასამართლოში და როგორც ასხამს აალებად ნივთიერებებს დოკუმენტებს.

ელისაშვილს, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლილუაშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის,გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომაც გაიმართა. პროცესზე მხარეებმა გარკვეული მტკიცებულებების დაშვებულად ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. დახურულ რეჟიმში გამართულ პროცესს ესწრებოდა გრიგოლ ლილუაშვილიც.

როგორც ლილუაშვილის ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

„დღევანდელი პროცესი წინასასამართლო სხდომის გაგრძელებაა, ვინაიდან წინა სხდომაზე სრულად ვერ მოხდა პროცესის დასრულება. დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპია და სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდება და გადაწყდება, საქმე არსებით განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის შეკრებილი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს. რაც შეეხება საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას, ბრალდებულის ინტერესიც იყო, რომ საქმე ღია რეჟიმში განხილულიყო", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე`ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×