ნატალია ჯვარიძე
22.04.2026

საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 მილიონ 929 ათას 581 კაცი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ შედის ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

„დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 კაცი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი). რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24 პროცენტს.

მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6 პროცენტი), 10-14 (7.4 პროცენტი) და 30-34 (7.2 პროცენტი) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვით რეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვით რეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

  • სოსო არჩვაძე ""იმის გათვალისწინებით, რომ 2010-იან წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, სხვადასხვა ქვეყნებიდან აქეთკენ მოიწევენ. აქ მახსენდება ქართლი ანდაზა - თაფლი იყოს და ფუტკარი ბაღდათიდან მოფრინდებაო"

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღწერის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო-სასოფლო ტიპის დასახლების და სქესის მიხედვით, გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისის ბოლოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დემოგრაფი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ბოლო ათ წელიწადში ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით სოფლებზე. მისივე თქმით, ზრდის მიზეზი ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაა.

„თუ ჯერჯერობით სხვა საბუთი არ გვაქვს, რომელიც ეჭვს შეიტანს მოტანილ მონაცემებში, აპრიორი ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, იქამდე სანამ საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. ეს არის ფაქტობრივი მოსახლეობა, რომელიც აღწერის მომენტში საქართველოში იმყოფებოდა. ამაში შედის როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები. ამიტომ გლობალიზაციის პირობებში აბსოლუტურად გასაგები პროცესია, როცა მოსახლეობა ერთი მეორეში გადაადგილდება. იმის გათვალისწინებით, რომ 2010-იან წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, სხვადასხვა ქვეყნებიდან აქეთკენ მოიწევენ. აქ მახსენდება ქართლი ანდაზა - თაფლი იყოს და ფუტკარი ბაღდათიდან მოფრინდებაო. ჯერ ყველა მონაცემი არ გამოქვეყნებულა. აქ საუბარია ძირითადად მოსახლეობის ცვლილებაზე რეგიონების მიხედვითდა ქალაქსა და სოფლის თანაფარდობაზე. ბოლო 10 წელიწადში, აღწერათა პერიოდში საქართველოში მოსახლეობამ დაახლოებით 5.7%-ით. ზრდა ძირითადად ფიქსირდება თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში პირიქით, მოსახლეობის შემცირებას ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით შემცირება სოფლის მოსახლეობას შეეხო. სხვადასხვა სუბიექტური თუ ობირქტური მიზეზების გამო, ეს გრძელდება. ბოლო ათ წელიწადში ქალაქის მოსახლეობის წილი 57%-დან 62%-მდე გაიზარდა", - განაცხადა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×