
საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ახალ თანამდებობასთან ერთად, მდინარაძეს ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა პროცედურები, რაც მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე დამტკიცებისთვისაა საჭირო.
„საქართველოს მთავრობა დღეს შესაბამის კანონპროექტს, ინიციატივას, წარმოადგენს პარლამენტში. შემდეგ კვირაში, ორშაბათს გავა ბიუროს სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილება სამშაბათს და მიღებულ იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო მეორე და მესამე მოსმენებით ოთხშაბათ დღეს. შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. ხუთშაბათიდან, ანუ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება კანონპროექტი უკვე ძალაში იქნება, შესაბამისად, ახალი სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მამუკა მდინარაძე დაიკავებს თანამდებობას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ყველანაირი ობიექტური და სუბიექტური საფუძვლებიდან გამომდინარე, მას ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებთ, განსაკუთრებით, მისი განვლილი საქმიანობიდან და ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად, აღმატებულ ხარისხში შეძლებს, რომ კოორდინაციაში იყოს სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.