რეზონანსი
22.04.2026

„ქართული დასის“ თავმჯდომარის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ოპოზიცია მიხვდა, რომ ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს და ადგილი აქვს ხელისუფლებასთან კოაბიტაციის განახლებას.

„რამ განაპირობა ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის და რამ გაუხსნათ ტვინი – სადმე კვამლს როცა ხედავ, უნდა იცოდე, რომ სადღაც ცეცხლის კერაა. შევხედოთ, როგორი ჭრელი და უღირსი კონგლომერატია ე.წ. ოპოზიცია, ეს ბრბო, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის. გახსოვთ გვარამიას განცხადება ღვინოსთან დაკავშირებით. რამდენად რელევანტურია, იფიქრო, რომ იმის შემდეგ რომელიმე ადამიანმა ხმა მისცეს საქართველოში. პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას საჭმელში ჩაუფურთხე და ისე მიუტანე საჭმელიო. აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას უღირსი ტერმინოლოგია აქვს და უწმაწური სიტყვებით ლაპარაკობს. ინტელექტის ფსკერს ქვემოთ ჩავიდა და ვერაფერს საზოგადოებას ვერ სთავაზობს, გარდა იმისა, რომ იცის რა, საზოგადოების რაღაც ნაწილი არის გაღიზიანებული  ხელისუფლებაზე, ცდილობს, რაღაცნაირად ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს და, თავისი მოკლე ჭკუით, ამით მიიმხროს საზოგადოების ხელისუფლებაზე განაწყენებული ნაწილი.

რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის – არჩეული პარლამენტი, პარლამენტში არ შევიდნენ, მანამდე ამას წინ უძღოდა კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაცია იყო ხელისუფლების და ე.წ. ამ ბრბოს შეთანხმება, რომ არ დაეშვათ პოლიტიკურ ასპარეზზე რამე ალტერნატიული ძალის გაჩენა. ხელი ხელს ბანს და ორთავე ერთად ბინძურ პირს, ამას ემსახურებოდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც რაღაც რეალურზე ილაპარაკებს, ხელისუფლებაზე უფრო მეტად საფრთხეს უქმნის ე.წ. ოპოზიციურ ბრბოს. მათი ეს ინტერესები ემთხვეოდა და სწორედ ასე კოორდინირებულად  მოქმედებდნენ კიდეც. ფულის საჭრელი მანქანა რომ გქონდეთ, გადააგდებთ ნაგავში? ასეთი ფულის საჭრელი მანქანა ჰყავს ხელისუფლებას ოპოზიციის სახით, ოღონდ ელექტორალური თვალსაზრისით, ანუ ხმების საჭრელი მანქანა ჰყავს. ასეთ ზიზღის მომგვრელ ადამიანებს, როგორებიც არიან გვარამია, ხოშტარია, შექმნილი აქვთ ჭაობი, არა მარტო მორალური ჭაობი, ისეთი ჭაობი, სადაც ახალიც ვერ დაიბადა.

507 დღეა, დგანან. ახალი ლიდერიც ვერ იშვა, ვინც გაეკარა, ყველა აღმოჩნდა ამ ჭაობის ბინადარი და ისეთივე ერთუჯრედიანი ამების სახე მიიღო, როგორიც თვითონ ეს ჭაობია. სხვა რამე ვერ იშვება ასეთ ჭაობში, რომელსაც ესენი ქუჩაში ქმნიან. შესაბამისად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასავლეთიც ჩაეხსნა. დასავლეთი ფულს იხდის, მაგრამ ევროპელს და ამერიკელს ერთ კაპიკს ვერ გააგდებინებ, თუ ის შედეგზე არ არის ორიენტირებული. და ყველა მიხვდა, მათაც გაეხსნათ ტვინი, რომ ესენი ხელისუფლების დამმხობი აღარ არიან, ამიტომ ფინანსები გაქრა. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ შეელია ოპოზიციის სახით ამ ფულის საჭრელ მანქანას და ადგილი აქვს კოჰაბიტაციის განახლებას. ეს ძალიან მალე გამოჩნდება.

პაპუაშვილი ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა არა მხოლოდ თანამდებობით, არამედ ინტელექტუალია. აკეთებს განცხადებას, გამოგვაქვს საკონსტიტუციო სარჩელიო, რომლითაც უნდა გაუქმებულიყო პარტიები, ანუ ფულის საჭრელი მანქანა უნდა გადაეგდოთ სანაგვეზე. იმიტომ კი არაო, რომ უარი ვთქვითო, არამედ დაემატა ერთი პარტია - „ფედერალისტებიო“, ჩერგოლეიშვილი – ვითომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს - და შემდეგ ხელახლა შევიტანთო. 

ხელისუფლება ვერ ელევა ამ ბრბოს, რადგან ეს ბრბო ქმნის პოლიტიკურ ჭაობს, სადაც ვერანაირი ოპონენტი ვერ იშვება. ოპოზიციას რაღაც პერიოდი უნდოდა, ხელისუფლება დაემხო, წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, ნახეს, არაფერი გამოდის და ახლა ისევ ძველ, ნაცად თვალთმაქცობას დაუბრუნდნენ, ეს არის კოჰაბიტაცია. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, აღუდგინა ზოგიერთ ამ პარტიას დაფინანსება. 

რატომ აქვს მიხეილ სააკაშვილს წვდომა ინტერნეტზე, მედიაზე? მიშას ფუნქცია არის, როგორც საფრთხობელა ხალხისთვის. მიშას აგურის აგურზე დადება არ შეუძლია, მიშას ინტელექტი ნგრევას ვერ გასცდება, არ შეუძლია, რაღაც პოზიტივი შესთავაზოს. 14 წელია, ერთსა და იმავე სისულელეებს ლაპარაკობს, არ მიჰყვება ხალხი და მაინც იმავეს ლაპარაკობს. რამდენად აქვს პერსპექტივა რევოლუციას – რევოლუციას არ ჰყოფნის მარტო ფული, რაც მიშას ძალიან ბევრი აქვს ნაქურდალი, რევოლუციას სჭირდება ინტელექტი და რეპუტაცია, რომელიც ამათ არ აქვთ, გაკოტრებული არიან, 50 კაცზე მეტს რომ ვერ აგროვებ, 50 კაცი დაბადების დღეზე დადის. 

იზრდება ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა, არის პრეტენზიები სოციალური, პენსიების კუთხით, მაგრამ ეს ხელისუფლება მიშას ხელისუფლება არ არის, ამ ხელისუფლების მიმართ არ არის რევოლუციური განწყობა, რომ გამოვიდეს ხალხი და დაამხოს. მიშას სხვა რამე არ შეუძლია და თავისი განცხადებით ოპოზიციას ებრძვის, იმავე ოპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც თვითონ არის“, – განაცხადა "პირველი არხის" ეთერში ჯონდი ბაღათურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×