"თავის გამართლება, რომ აი, ეგზოგენური ფაქტორები მოქმედებს და ნავთობი გაძვირდა, დიდი ბოდიში, მაგრამ არგუმენტად არ გამოდგება“
თამარ ვეფხვაძე
21.04.2026

საქართველოს წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.6%-მდე გაიზარდა., რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებლია. ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტზე ფასების ზრდის გათვალისწინებით,  ინფლაცია წლის ბოლოს მინიმუმ 2 პროცენტული პუნქტით მეტი იქნება. ეკონომიკისტების ადასტურებენ, რომ ინფლაცია უკვე მართლაც მაღალია, და აღმასრულებელ ხელისუფლებას წნეხის შერბილება არათუ შეუძლია, უკვე მისი ვალდებულებაცაა.

„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. 

„აპრილში საწვავის ფასის დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ წნეხლას გააძლიერებს. 

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე არსებულ ნიშნულს ზემოთ დარჩება. მაგალითად, ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამავე დროს „თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.1%-მდე გაზარდა.

„საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ ინფლაცია საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციები და მათ შორის, ეროვნული ბანკიც უკვე მიტოლებით ცვლიან საკუთარ პროგნოზებს.  

„რა თქმა უნდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ეს არის ნავთობის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელექტროენერგია გაძვირდა. გვაქვს როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორები. მართალია, საგარეო ფაქტორების შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შიდას რაც შეეხება, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. თუნდაც ნავთობთან დაკავშირებით, მაგალითად, თურქეთს და პოლონეთს აქვთ მცოცავი, გნებავთ, მცურავი აქციზი, ანუ ეს აქციზი ცვლადია. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, ისინი აქციზის გადასახადს ამცირებენ, რომ დროთა განმავლობაში, საწვავის ფასმა ბაზარზე არ გააძვიროს სხვა საქონელი და მომსახურება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ელექტროენერგია და საწვავი სჭირდება ყველა ბიზნესს, შესაბამისად, ეს მოქმედებს საბოლოო ღირებულებაზე. სამწუხაროდ, წელს ისევ მაღალი იქნება სურსათის ინფლაცია“, - განუცხადა „რეზონანსს“კეპულაძემ. 

მისი თქმით, აქციზის გადასახადის განახევრების იდეა ოპოზიციურ ალიანსსაც ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა სჯობს - მცოცავი გადასახადის შემოღება, თუ მისი განახევრება, გადაწყვეტილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. 

„ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი, ჩვენ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, დამოკიდებულები ვართ იმ ფასზე, რაც საერთაშორისო ბაზარზეა. ამიტომ, სჯობს, გვქონდეს მექანიზმი, რომელიც სხვა პროდუქტების ღირებულებას არ გადაეცემა. თუ პირობითად, აქციზს შევამცირებთ, 1 ლიტრზე რომ 20-თეთრიანი ფასდაკლება გამოვიდეს, ინფლაციის მაჩვენებელი, შესაძლოა, შემცირდეს. როდესაც საშუალო ინფლაცია, სადღაც 6%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი, აქ უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენი იქნება სურსათის ინფლაცია. გარკვეული გზა უნდა გამოიძებნოს, თორემ დავაბრალოთ იმას, რომ რა ვქნათ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა და არაფერს ამიტომ არ ვაკეთებთ, ეს შედეგს არ მოგვიტანს. მივიღებთ იმას, რომ ყველაფრის ფასი მოიმატებს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.  

იგივე პოზიცია აქვს და ინფლაციური წნეხის შერბილების ერთ-ერთ ფაქტორად საწვავის აქციზის განაკვეთის გადახედვა მიაჩნია გამოსავლად ეკონომიკისტ პაატა ბაირახტარს. მისი აზრით, 5,6%-იანი პროგნოზი ზოგადია და დიდი ალბათობით, კიდევ გადაიხედება. 

„როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, ეგზოგენურ ფაქტორებს ღია ბაზრის ეკონომიკაზე ყოველთვის აქვს გავლენა და ყოველთვის შეგვიძლია მიზეზის მოფიქრება, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ შევხედავთ ისეთ მნიშვნელოვან ქვეჯგუფებს, როგორიცაა, მაგალითად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რომლის წილი ძალიან მაღალია სამომხმარებლო კალათაში, იქ ფასების დონე და ინფლაცია ორნიშნაა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და უმძიმესი ტვირთია მოქალაქეებისთვის. დაახლოებით, იგივე მდგომარეობა გვაქვს ჯანდაცვის ჯგუფში, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ინფლაციის ტვირთს. აქედან გამომდინარე, თავის გამართლება, რომ უი, ეგზოგენური ფაქტორები მოქმედებს და ნავთობი გაძვირდა, დიდი ბოდიში, მაგრამ არგუმენტად არ გამოდგება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ბაირახტარმა. 

წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა, გარკვეულწილად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამაც გამოიწვია, რომლის აუცილებლობა, ეკონომისტის აზრით, ნამდვილად არ ყოფილა. 

„თუ სემეკის განცხადებას შევხედავთ, იქ წერია, რომ დენის გაძვირება განპირობებულია იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის ზრდით საერთო მოხმარებაში. ჩვენ თუ შევხედავთ იმ პერიოდს, როდესაც 3 თეთრით შემცირდა დენის ტარიფი წელიწადნახევრის წინ და შევადარებთ დღევანდელ პერიოდთან, როდესაც ტარიფი გაიზარდა, ვნახავთ, რომ ლარი კურსი დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად არის გამყარებული, სწორედ ამ პერიოდში. ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი მთავარი ფაქტორია იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე საუბრის დროს და აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - იყო კი გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდილიყო“, - აღნიშნა  ბაირახტარმა. 

რაც შეეხება გამოსავალს და ინფლაციური წნეხის შერბილებას, ეს სრულებით შესაძლებელია, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება უარს იტყვის წინასწარ დაანონსებულ რეგულაციაზე და 1-ელ ივლისს, პლასტმასის ნაკეთობებს არ აკრძალავს. პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ეს აკრძალვა უფრო ძვირადღირებულ პროდუქციაზე გადასვლას, შედეგად კი კონკრეტული პროდუქტების ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ინფლაციაში გადაიზრდება. 

„არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციურ წნეხს შეარბილებს. ეს არის „მ2“ აგრეგატის, ანუ მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შემცირება. როდესაც ერთ წელიწადში, „მ2“ აგრეგატი 7 მილიარდი ლარით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ცენტრალურმა ბანკმა 7 მილიარდი ლარი გაუშვი მიმოქცევაში. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ლარის ემისსიგან თავი უნდა შეიკავოს. არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეგზოგენურ შოკს შეარბილებს. ამ ნაწილში, ლოკალურ დონეზე, მთავრობას საწვავზე აქციზის განაკვეთით მანიპულაცია შეუძლია, რათა ეს შოკი შეარბილოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×