
აღმასრულებელ ხელისუფლებაში მასშტაბური საკადრო გადაადგილებებია - მამუკა მდინარაძეს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძე ცვლის, ხოლო შს მინისტრად გელაძის ნაცვლად გადადის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც უახლოეს პერიოდში მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
აქვე აღსანიშნავია,2026 წლის 20 აპრილიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა, მისთვის ვადამდე წოდების ამაღლების განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, საკადრო ცვლილებების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, სუს-მა ოფიციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა.
ანალიტიკოსთა ნაწილი საკვანძო ცვლილებად სწორედ მდინარაძის სუს-იდან გაშვებას მიიჩნევს, რასაც ლოგიკურად მოყვა სხვა დანარჩენი გადაადგილებები.
ოპოზიციაში სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებენ და მდინარაძის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან მოხსნასა და ერთდოულად მისთვის გენერლის წოდების მინიჭებას შორის ლოგიკურ კავშირს ვერ პოულობენ.
„კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია და მთლად, იმავე დღეს არარსებულ თანამდებობაზე „დანიშნონ". ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული", - წერს „კოალიცია ცვლილებების" ლიდერი ნიკა გვარამია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი კი აცხადებს, რომ პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „ძლიერი გადანაცვლებაა", ხოლო „პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა".
ვინ სად გადადის
პრემიერის საგანგებო ბრიფინგი 21 აპრილს 18:00 საათზე გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურს მდინარაძის ნაცვლად აწ უკვე ყოფილი შს მინისტრი გეკა გელაძე ჩაუდგება სათავეში. შსს-ს მინისტრად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.
აქვე ცნობილი გახდა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება, კობახიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება - მაკა ბოჭორიშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
მდინარაძისთვის განკუთვნილ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პრემიერი კობახიძე პარლამენტს სთხოვს, რომ მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი. კობახიძე ახლადდანიშნულ თანამდებობის პირებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. მან განსაკუთრებით გამოყო მდინარაძის მიღწევები სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
„მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.
რატომ გახდა საჭირო ცვლილებები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ეს გადაადგილებები მამუკა მდინარაძის სუს-იდან ჩამოშორებას უკავშირდება.
„ივანიშვილი და „ოცნება" მამუკა მდინარაძის საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებოდა. სულ რომ მოეხსნათ და დაექვეითებინათ, ესეც არ უნდოდათ. კომუნისტების დროს, როცა ვინმეს დიდი თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ, მაშინვე არ უშვებდნენ, ჯერ დააქვეითებდნენ და ხალხს რომ ავიწყდებოდა, შემდეგ ხსნიდნენ. ახლა მისი დაქვეითება ნიშნავდა, რომ ვერ გაართვა თავი მოვალეობას, გენერლობის მინიჭებაც სპციალურად მოხდა, მოიმადლიერეს.
- ნიკა ჩიტაძე: „მდინარაძე დამცირებისა და დაქვეითების გარეშე მოაცილეს სუს-ს. პირიქით, მანამდე გენერლის წოდებაც კი მიანიჭეს, თან ბრიფინგზე ნაწყენიც არ ჩანდა."
„შეიძლება სუს-ში უფრო გელაძის იმედი აქვთ, უფრო ის გაართმევს თავს. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს სუს-ის ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა, სადაც საუბარია, რომ გადატრიალება იგეგმებოდა და სუს-მა გამოავლინა და ა.შ.
„თუ სპეციალურად სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა, ალბათ ეს გადაადგილება მდინარაძის გამო გაკეთდა, რომ ვითომ პირიქით, დააწინაურეს, რომ კოორდინაციას ის გაუწევს ძალოვან სტრუქტურებს. მდინარაძე დამცირებისა და დაქვეითების გარეშე მოაცილეს სუს-ს. პირიქით, მანამდე გენერლის წოდებაც კი მიანიჭეს, თან ბრიფინგზე ნაწყენიც არ ჩანდა.
„სულხან თამაზაშვილის შს მინისტრად გადაყვანაც საინტერესოა, შესაძლოა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საინტერესო და სანდო პირია და კობახიძის რეკომენდაციით მოხვდა. ივანიშვილი სულ უფრო მეტად ეჭვიანი ხდება „ოცნების" წარმომადგენლების მიმართ", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებული საშინაო და საგარეო მოცემულობის ფონზე, ეს საკადრო ცვლილებები საჭიროც იყო.
„მდინარაძემ შესანიშნავად გაართვა თავი იმ სიტუაციას, რომელშიც ის პოლიტიკიდან გადავიდა. ვნახეთ, რომ მისი ხელმძღვანელობით რამდენი ისეთი ღონისძიება ჩატარდა, რომლითაც ქვეყანამ თავიდან აიცილა უაღრესად სახიფათო ტენდენციები. ყველაფერს რომ თავი დავანებიოთ, მარტო 4 ოქტომბერს განხორციელებული შესაბამისი ოპერაცია რად ღირს.
„რაც შეეხება შს სამინისტროს, ყველაზე მთავარი, რაც გელა გელაძემ გააკეთა, ესაა ნარკოტიკებთან ბრძოლა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია მისი პროფესიული მოღვაწეობის გზაზე.
- ედიშერ გვენეტაძე: „ჩვენ უაღრესად სახიფათო ზონაში ვართ, ყოველ წუთს შეიძლება აქ გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ხელისუფლება ყოველთვის მზად უნდა იყოს და ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია"
„საკადრო ცვლილებები იმიტომ გახდა საჭირო, რომ ყველაფერს განახლება სჭირდება. შემოღებულ იქნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ძალოვანი უწყებების კოორდინაციის დარგში. ჩვენ უაღრესად სახიფათო ზონაში ვართ, ყოველ წუთს შეიძლება აქ გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ხელისუფლება ყოველთვის მზად უნდა იყოს და ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია. ათასი ჯურის ადამიანი ცდილობს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას", - განაცხადა გვენეტაძემ.