
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის დაარსებიდან 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წერილს აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ პირობებში სხვადასხვა მიღწევაზეა საუბარი.
ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა.
„„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტად იქცა - დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ.
ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის,“ - წერს კობახიძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არსებული განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური გარემო დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენს, ამავდროულად, კი, ახერხებს ნებისმიერი იმ ქმედების აღკვეთას, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.
„პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას.“ - წერს ირაკლი კობახიძე.