
ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ოპოზიციურ ალიანსს დაუპირისპირდა და უმოქმედობისთვის მწვავედ გააკრიტიკა. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მისი „დაგმობის ხარჯზე რეგიონებში დადიოდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს". ოპოზიციურმა ალიანსმა ეს კონკრეტულად „კოალიცია ცვლილებებისათვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას კრიტიკად აღიქმა.
ამას მოყვა ალიანსის საპასუხო განცხადება, რომელსაც გაერთიანებაში შემავალმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი ენმ-ის გარდა; შემდეგ კი სააკაშვილის ახალი განცხადება, სადაც ალიანსის ბრალდებებს უარყოფს.
ამ ეტაპისთვის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგა, ყველა დეტალი გაირკვა და დაზუსტდა და კონფლიქტიც ამოწურულია.
- მიხეილ სააკაშვილი: „ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?"
18 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საჭიროა „ფეისბუქიდან" და ტელესტუდიებიდან აქტიური მოქმედების ველზე გასვლა. თავის ვრცელ „ფეისბუქ" პოსტში ექსპრეზიდენტი იმასაც იხსენებს, თუ როგორი პირადი ურთიერთობები ჰქონდათ მას და მისი ოჯახის წევრებს რიგით მოქალაქეებთან.
„მე პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც პირადად კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი წყნეთის ტყის დამცველებთან, მარნეულელ აზერბაიჯანელებთან, ანაკლიის მეთევზეებთან, კახეთში ჩურჩხელის გამყიდველ დედა-შვილთან, ომში დაღუპული გმირების ოჯახებთან.
„სანდრას ყოველგვარი პიარის გარეშე, პირადი ღვაწლი ჰქონდა მრავალ ასეულ ადამიანზე და სათითაოდ მეგობრობდა მათთან. ჩვენს ოჯახს „ნაშვილები" ჰყავდა ათამდე სოციალურად გაჭირვებული ოჯახი, რომელსაც არა მხოლოდ ფინანსურად ვეხმარებოდით საკუთარი ხელფასებიდან, არამედ პირადად ვსტუმრობდით, შვილებს ვმკურნალობდით და განათლების მიღებაში ვეხმარებოდით.
„იმისთვის, რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან, ისეთთან, როგორიც ნეფარიძე იყო წყნეთში. რამდენმა თქვენგანმა იცის, მაგალითად, თუ რას ჩადიან ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში, ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები, კახელი ფეოდალები ან ვიტია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული.
„საუბრობთ ტურიზმის კრიზისზე, რამდენი ხართ ასული კურსებში ან ბევრ სხვა პრობლემურ ადგილზე?
„ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და „ფეისბუქის" კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე.
- ოპოზიციური ალიანსი: „პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად."
„შესაბამისად რეგიონებში არსებობს მხოლოდ ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით, იგივე სიტუაციაა.
„ამის სანაცვლოდ გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად, ან ზოგი ჯიუტად აგრძელებთ ერთი და იმავეს გამეორებას - მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი?", - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგვიანებით ოპოზიციის ალიანსში შემავალმა პარტიებმა: „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის", „დროა", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ევროპული საქართველო", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ფედერალისტები", მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარი პოზიცია გაავრცელეს.
მათ განცხადების თანახმად, „პერსონალური თავდასხმები", როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა სააკაშვილის ზოგიერთი გამონათქვამი, ეწინააღმდეგება ალიანსის პრინციპებს, მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
„ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.
„ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
„ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ტყუილია, რომ ოპოზიცია რეგიონებში არ დადის.
„რატომ გვგონია ჩვენ, რომ პანაცეა არის სოფელ-სოფელ სიარული. მე არ ვიძახი, რომ არ უნდა ველაპარაკოთ, არ უნდა მოვუსმინოთ და ა.შ. მთავარი რა არის - მოლოდინების მართვა, რისი მოლოდინი გვაქვს და რა ამოცანის ამოხსნას ეფუძნება ის, რაზეც ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვგონია, რომ ამით რაიმე საბოლოო ამოხსნას დავდებთ, ნებისმიერი ამოცანის, ეს არის ტყუილი. ზოგადად უკვე სასაცილო გახდა ყველა პრობლემის დროს იმის მოსმენა, რომ გადით რეგიონებში.
„ჯერ ერთი, არის ტყუილი, რომ რეგიონებში ოპოზიცია არ დადის. ადამიანები, რომ ამბობენ, რომ აქ არ გვინახავს ჩამოსულები, ეს „აქ არ გვინახავს ჩამოსულები" შეიძლება იყოს უამრავი ადგილი, ყველგან არავინ არ დადის, მათ შორის არც მადიარი.
„მეორე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში არ არის წინასაარჩევნო კამპანია, არის საპროტესტო კამპანია. საპროტესტო კამპანიაზე სიარული სოფლებში და ხალხის დარწმუნება, რომ ჩამოდით თბილისში აქციაზე, არის აბსურდი, არის ისედაც ცოტა დროის ხარჯვა და ძალიან ცოტა გვაქვს დრო, არის ისედაც ძალიან მწირი რესურსების ხარჯვა და ვინმეს თუ ჰქონია ეს ფული არ ჯდება - ჩვენ არ ვართ მთავრობაში, რომ ვერტმფრენით ჩავფრინდეთ შორ სოფლებში, ჩვენ არ ვართ მდიდარი ოპოზიცია, რომ უზარმაზარი კოლონებით ვიაროთ, ამის ფულიც კი არ არის. მე არ ვიძახი, რომ არ შეგვიძლია ელემენტარული რაღაცების გაკეთება, ეს ასე არ არის, ამის შესაძლებლობაც არის, სურვილიც", - თქვა გვარამიამ.
მოგვიანებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი კრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას არ შეეხებოდა.
„მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგიული, ხალხში მოსიარულე პოლიტიკოსის გამოჩენა.
„ნიშანდობლივია, რომ უთანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა ჩემი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია. ეს დიდი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხვდება და სწორად მოქმედებს.
„ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით!", - წერს სააკაშვილი.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, მომავალი არ აქვს.
„სააკაშვილმა-გვარამიამ-ბოკერიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც იცოდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც იგივე მოცემულობაში არიან დარჩენილი. ცდება, გარეთ ვისაც ჰგონია, რომ ამათი პროვოკაციებით თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ. ესენი პოლიტიკურ ველზე ვაივაგლახით იარსებებენ. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ბრენდია. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან. თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების" ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის აღიარება მოუწევთ. ეს ცოტა ეხამუშებათ", - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით კი, ოპოზიციურ ალიანსში შემავალ ლიდერებს ერთმანეთთან პირადი შეუთავსებლობა აქვთ, რის გამოც ასეთი შიდა კონფლიქტები გარდაუვალია.
„ეს ორგანიზაცია და გაერთიანება არის მკვდრადშობილი, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ და ამისთვის „ქართული ოცნების" დახმარება არ დასჭირდებათ.
„ეს რაღაც ლამაზი ტერმინი კი არ არის, მართლა მკვდრადშობილი გაერთიანებაა - ორი და სამი ისეთი ნივთიერება, რომელიც ერთმანეთს არ შეერევა ფიზიკის კანონიდან და ბუნების კანონიდან გამომდინარე.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ ერთი დიქტატორი აჯდა თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო ესენი რაღაცნაირად ერეგულირებინა. ახლა დამოუკიდებლად ერთმანეთთან ვერ მივიდოდნენ, რადგან ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ. შეუთავსებელი ხალხია. ჩემზე შეიძლება პიარულად თქვან უფრო ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღებათ და ვერ იტანენ. ეს ორგანიზაცია და გაერთიანება არის მკვდრადშობილი - ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ, ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ", - განაცხადა შარმანაშვილმა.