
2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
„საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2026 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი - 48.1 მილიონი აშშ დოლარი; ბელარუსი - 16.2 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი - 120.1 მილიონი აშშ დოლარი; ირანი - 9.7 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი - 98.9 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი - 124.3 მილიონი აშშ დოლარი; საუდის - არაბეთი 12.9 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი - 28.8 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა - 45.3 მილიონი აშშ დოლარი; ევროკავშირი - 140.7 მილიონი აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები - 185.0 მილიონი აშშ დოლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.