
სარიტუალო სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილია დასვენებული, მრევლი შეიკრიბა და ითხოვენ, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარონ. სხვები კი ბერის გარდაცვალებაში მრევლს ადანაშაულებენ, რადგან მასთან ექიმი არ შეუშვეს.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი კვირას იპოვეს.
ამის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან მრევლი შეიკრიბა, ისინი სახლში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, დაპირისპირება მრევლსა და პოლიციას შორი .მოხდა. გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მრევლის ცნობით, ბერი ნარიმანი, საცხოვრებელი ბინიდან ბოლოს 9 აპრილს გამოვიდა. იქამდე მასთან მრევლი მუდმივად იკრიბებოდა, სადაც პერიოდულად დაპირისპირებაც იყო. ბევრი მათ ფანატიკოსებსაც უწოდებდნენ.
ისინი ბერის გაკვეთას ეწინააღმდეგებიან: „ბერს არ უნდა ჩაუტარდეს გაკვეთა, არ შეიძლება. ამის გამო მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზა არ გვინდა... მამა ნიკოლოზი წლების განმავლობაში შიმშილობდა, სკამზე ეძინა, ლოგინზე არ იძინებდა, ეს მისი მოღვაწეობის ფორმა იყო... 9 აპრილს, ძალიან დაუძლურებული გამოვიდა მრევლთან, შემდეგ მივიდა მალხაზ ჯინორია ექიმთან ერთად და ხალხი, რომელიც იქ იდგა, ფიქრობდა, რომ არ უნდა შეეშვათ მალხაზ ჯინორია და არ შეუშვეს. შემდეგ როგორ იყო მამაოს მდგომარეობა შიგნით ჩვენ არ ვიცით... რა თქმა უნდა, უნდა შეეშვათ ექიმი... ეს იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მამა ნიკოლოზთან არ უნდა შეეშვათ ექიმი და მალხაზ ჯინორია", - ამბობს ბერი ერთ-ერთი მრევლი.
კიდევ ერთი მრევლი ამბობს: „ხალხი ვინც იქ იყვნენ, იყვნენ ნაკლებ გულისხმიერები, არ იყვნენ ფაქიზები, არ ესმოდათ სრულად ბერის, უბრალოდ წირავდნენ ადამიანს, ესეთ დღეში მყოფ ადამიანს რომელსაც ყველაფერი გამეტებული ჰქონდა".
- „აწი ცეცხლი წაკიდებია ამ დედამიწას, რადგან იგი საცხოვრებლად ყველაზე წმინდა და სუფთა ადამიანმა აღარ ისურვა, წავიდა ამ სიბინძურიდან თავის ნამდვილ სახლში, თავის ნამდვილ დედასთან და მამასთან"
ზოგიც ამბობს, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა დააბრალონ.
„ქრისტე მეფე ნარიმანი ბოლოს კამერამ იესო ქრისტეს აღდგომის დღეს დააფიქსირა-- 1 აპრილს. მერე 9 აპრილს გამოვიდა ხუთ ადამიანთან, ძალიან დაუძლურებული. არც აღდგომა დარჩა ამისთვის და არც კვირაცხოვლობა. მან ჯოჯოხეთში ჩუმად იცხოვრა და ჩუმადვე გავიდა. ნეტავ ფეხი არ მიმედგა მასთან არასდროს და არ ვყოფილიყავი მისი ჯოჯოხეთური მდგომარეობის თანაზიარი. არც ის ცოდნა მინდა, რაც გადმომცა. არაფერი არ ღირს იმ ტანჯვად, რაც მან გაიარა. ერთადერთს ვერ მისაყვედურებს ვერც ზეციდან, რასაც სულიერად მთხოვდა ყველაფერს ვაკეთებდი. ბოლო კურთხევაც წინა ბინის კარების გახსნის შევუსრულეთ მანამ, სანამ მის კარებს გახსნიდნენ და იქ გარდაცვლილს იპოვიდნენ. მეხი გავარდა და ცა ჩამოიქცა. არავის დააბრალოთ მისი გარდაცვალება. აწი ცეცხლი წაკიდებია ამ დედამიწას, რადგან იგი საცხოვრებლად ყველაზე წმინდა და სუფთა ადამიანმა აღარ ისურვა, წავიდა ამ სიბინძურიდან თავის ნამდვილ სახლში, თავის ნამდვილ დედასთან და მამასთან. ყველასაც ცეცხლი წაკიდებია, ვინც იგი აწვალა და ტანჯა. ის ნამდვილი მეფე იყო, მეფეთა მეფე, ქრისტე მეფე", - ამბობს კიდევ ერთი მისი მრევლი.
ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო.
საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მას თითქმის ოცი წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელთმსახურება.
მას საკუთარი მრევლი ჰყავდა, რომელთათვისაც ბერი ნიკოლოზი მაქარაშვილი წმინდანი იყო და სასწაულებსაც ახდენდა. ის ცნობილი იყო თავისი მდუმარებით. მიმდევრები მას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მისამართზე საცხოვრებელს უთმობდნენ-ხოლმე, რაც ხშირად გამხდარა პოლიციასთან და მეზობლებთან დაპირისპირების მიზეზი. ის ორჯერ გამოასახლეს, ჯერ ბარნოვის, შემდეგ კი ზესტაფონის ქუჩიდან.
2016 წლის გამოსახლების შემდეგ კი ის დღემდე ფონიჭალაში ცხოვრობდა. მრევლმა იქ გააგრძელა შეკრება და ლოცვა. სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის ბინის კართან შეკრებილი მოქალაქეების ვიდეოები ვირუსულადაც გავრცელებულა.