ნატალია ჯვარიძე
19.04.2026

ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მოხშირებული ვიზიტები საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მანიშნებელია. ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი მიხვდნენ, ბოიკოტმა შედეგი ვერ მოუტანა.

ზაალ ანჯაფარიძე: თუ ბოლოდროინდელ ვიზიტებს შევაფასებთ, ვფიქრობ, ამ მხრივ გარკვეული დადებითი ნიშნები შეიმჩნევა, რადგან საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კონტაქტები შედგა, თუნდაც სატელეფონო ზარი მარკო რუბიოსთან. ვგულისხმობ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას. შეიძლება ეს ევროპულ მიმართულებაზე ნაკლებად ჩანს, მაგრამ თუნდაც ის, რომ ამასწინათ ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისარი, ადამიანის უფლებათა სფეროში ექსპერტი საქართველოს ეწვია, მიუთითებს, გარკვეული კონტაქტები ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს „ოცნება" სრულ იზოლაციაშია მოქცეული, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ოპოზოციის სავარაუდო მზადებას არჩევნებისთვის და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვაზე?

ზ.ა: ამ კითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ ის, რომ ოპოზიცია თანდათანობით მიდის იმ დასკვნამდე, სხვა გზა აღარ დარჩენიათ, გარდა საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებისა. მათ უკვე ნახეს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობები წარუმატებელია, ვარდების რევოლუციის რეცეპტები საქართველოში აღარ მუშაობს და მგონია, მოვლენათა განვითარების ლოგიკამ ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

  • „ოპოზიციამ უკვე ნახა, რომ ვარდების რევოლუციის რეცეპტები აღარ მუშაობს და მგონია, მოვლენათა განვითარების ლოგიკამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ"

საკონსტიტუციო სასამართლოზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს მათი პრეროგატივაა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ექსპერტებისთვისაც რთულია ამის პროგნოზირება. ის ხელმძღვანელობს როგორც იურიდიული, ისე იმ მოსაზრებებით, რომელიც დავუშვათ, კონიუქტურის ზეგავლენით იქმნება. ამდენი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა შეიძლება რაღაც იურიდიული მექანიზმებით იყოს გამართლებული, მაგრამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს ისევ და ისევ ევროკავშირის წინაშე, რადგან ისინი ამას არ მიესალმებიან. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას - წავიდეს წმინდა სამართლებრივი ხაზით, თუ მხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებები. სწორედ ამიტომ არის ამის თქმა რთული.

 

„რ": გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოიხსენიებული, ხოლო ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად, მაშინ, როდესაც ისინი უკვე დიდი ხანია ამ პოსტებზე აღარ არიან. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ზ.ა: რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად არის გაკეთებული. არ ჯდება არც დიპლომატიურ პროტოკოლში და არც ეტიკეტში. გერმანული ოფიციალური უწყებები საქართველოს ევროპული ენით ესაუბრებიან, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ეს რომ ყოფილიყო ერთი ან ორი კვირის მანძილზე და მერე შეეცვალათ, კიდე შეიძლებოდა გამართლება მოგვეძებნა. თუმცა, როცა გაგრძელდა თითქმის წელიწადნახევარი, თუ მეტი არა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პროვოკაციულ ქმედებასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დიპლომატიურ ეტიკეტს სცდება და უკავშირდება ვიწრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც, ჩემი აზრით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ღირსებას არ მატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×