თამთა ჩაჩანიძე
17.04.2026

ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გაიხსნა, რაც გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის განბლოკვამ ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკი შეამცირა და საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურობის მოლოდინი გააჩინა.

სრუტის გახსნამ რეგიონში დაძაბულობის დროებით განმუხტვასაც შეუწყო ხელი, თუმცა რისკები კვლავ მაღალი რჩება მხარეების პოზიციათა ხშირი ცვლილების გამო და იმიტომაც, რომ მტკიცე სამშვიდობო შეთანხმებამდე ჯერ შორია.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სრუტე გაიხსნა, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება.

„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ძირითადი საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია", - წერს ტრამპი.

  • დონალდ ტრამპი: „ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება"

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება, თუმცა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით", - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

  • აბას არაღჩი: „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში"

აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს აამოქმედა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვას მოიცავს. სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება.

როგორც აღინიშნა, ჰორმუზის გახსნა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდება, ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოლაპარაკებების გაგრძელების კარიბჭეა და ლიბანის ხელისუფლება პრიორიტეტს სამხრეთ ლიბანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას ანიჭებს.

„ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. აშშ მათ ამის გაკეთებას უკრძალავს. საკმარისია!!!" - წერს ტრამპი.

როგორც მანამდე „ნიუ იორკ ტაიმსი" ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, ირანმა მიანიშნა, რომ არ შეუძლია მის მიერ დამონტაჟებული ყველა ნაღმის პოვნა და არც მათი განეიტრალების შესაძლებლობა აქვს.

„გარდიანმა" კი დაწერა, რომ სრუტის მიმდებარედ თეირანმა სავარაუდოდ ირანული წარმოების ორი - „მაჰამ 3" და „მაჰამ 7" ტიპის საზღვაო ღუზაზე დასამაგრებელი ახალი თაობის მცურავი ნაღმები განათავსა, რომლებიც აღჭურვილია მაგნიტური და აკუსტიკური სენსორებით.

„მაჰამ 3" 300 კგმ-დე იწონის, რომლის გამოყენებაც შეიძლება 100 მ სიღმეზე, „მაჰამ 7" კი იწონის დაახლოებით 220 კგ-ს, რომელიც ფსკერზე მაგრდება და გამოიყენება უფრო მეჩხერ წყლებში. ის კონუსური ფორმისაა და აღჭურვილია წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმომჩენი სენსორით.

„გარდიანის" ინფორმაციით, ანალიზი აჩვენებს, რომ საზღვაო რესურსის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ირანს კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაღმების 80-90%-მდე და შესაბამისად, კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ნაღმი დააგოს.

ამავე წყაროს ცნობით, ნაღმების დაგება შეიძლება სწრაფად და მარტივად, თუმცა მათი განეიტრალება შრომატევადი და სახიფათოა.

„აშშ-სთვის საუკეთესო და ყველაზე ნაკლებად სარისკო ვარიანტი იქნებოდა უეკიპაჟო საზღვაო ნაღმსაძიებო მანქანების გამოყენება. მათ შორისაა უპილოტო წყალქვეშა აპარატი „ნაიფფიში" და ნაღმსაწინააღმდეგო ემ-სი-ემ კლასის ხომალდი, რომელიც სწრაფმავალი ნავის მსგავსია",- წერდა „გარდიანი" და დასძენდა, რომ აშშ-ს განაღმვის ოპერაციის ჩატარება ჰაერიდანაც შეეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×