მნიშვნელოვანი პროექტით უკვე ევროპარლამენტი და ევროსაბჭოა დაინტერესებული
თამარ ვეფხვაძე
16.04.2026

მას შემდეგ, რაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის „ტისამ“ გაიმარჯვა, ბუნებრივია, ახალი პარლამენტი პრემიერ-მინისტრად ამ პარტიის ლიდერს დაამტკიცებს. ამ ფონზე, საინტერესოა, რა ბედი ელის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე უნგრეთიც ერთ-ერთი ხელმომწერია საქართველოს, აზერბაიჯანს და რუმინეთთან ერთად. ენერგეტიკოსების განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი იქნება, თუ მადიარი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულებრივად გაგრძელდება. 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მართალია, პროექტის ინიციატორი საქართველო იყო, მაგრამ პროექტი იმდენად მნიშვნელოვანი და მისაღებია ევროპისთვის, რომ აუცილებლად გაგრძელდება. 

„ამ პროექტის ინიციატორი საქართველო იყო, ჩვენ დავიწყეთ და როდესაც ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, გააქტიურდა მისი საბოლოო ვარიანტი. ევროპისთვის მისაღები იყო განახლებადი ენერგიების წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია და ბუნებრივია, მოიძებნა გზა, რომლითაც შეიძლებოდა აზერბაიჯანი-საქართველოდან გატანილი ყოფილიყო ელექტროენერგია ევროპაში, რუმინეთის გავლით.  

არავისთან მიბმული ჩვენ არ ვართ და არც არავისთან შესახვეწი არ გვაქვს, რადგან თავიდანვე ჩვენი ინიციატივა იყო ეს პროექტი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ორბანი, თუ მადიარი, რადგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გაგრძელდება და მას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. მით უფრო ახლა, როდესაც ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ აღიარა და ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ახლა დაიწყება ამ პროექტის შესწავლის მესამე სტადია და ალბათ ათ წელიწადში, მისი რეალიზება მოხდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ.  

რას ნიშნავს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ მინიჭებული ორმხრივი ინტერესის სტატუსი? ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც იმას გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. გარდა ამისა, ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მიღება ბიზნესისა და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება, დაახლოებით, 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მომსახურების შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში“.

ინფორმაცია ორმხრივი სტატუსის მინიჭების შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×